ტერი დევისი შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთის დაძაბულობის გამო

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა განაცხადა, რომ ის ძალიან შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ზრდის გამო.

”თუმცა ჩვენ არ გვაქვს ნათელი სურათი იმისა, თუ რა ხდება და ვინ არის პასუხისმგებელი, ჩვენ ვიცით, რომ ხალხი იღუპება და იჭრება, ხოლო ვიღაცა ზის დენთის კასრზე და ცეცხლს ეთამაშება,” – განაცხადა დევისმა 4 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, ”ყველამ, ვისაც გავლენა აქვს საქართველოს ამ ნაწილში, მათ შორის ხელისუფლებამ თბილისსა და მოსკოვში, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი ესკალაცია. სამხრეთ კავკასიის ხალხმა აღარ უნდა დაუშვას კიდევ ერთი ომი”.

ორი ადამიანი დაიღუპა დაბომბვისა და სროლების შედეგად, რომელსაც 4 ივლისის ღამეს ადგილი ჰქონდა ცხინვალსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ზოგიერთ სოფელში, აცხადებს სეპარატისტული ხელისუფლება. ქართულმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. 3 ივლისს კი ნაღმზე აფეთქდა ადგილობრივი ოსი მილიციელი.

Exit mobile version