ეუთოს თავმჯდომარე შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთში მომხდარი ინციდენტების გამო

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტაბმა შეშფოთება გამოთქვა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს მომხდარი ინდიცენტების გამო, რასაც მსხვერპლი და სერიოზული დაშავებები მოყვა.

”ეს ინციდენტები და ინფორმაცია სროლების შესახებ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ზრდის შემაშფოთებელი ნიშანია,” – განაცხადა მან 4 ივლისს.

სტაბმა მოუწოდა მხარეებს პრაქტიკული ნაბიჯები გადადგან დაძაბულობის დეესკალაციისთვის და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას. 

”მოვუწოდებ მხარეებს ყველა საჭირო საშუალება გამოიყენონ დიალოგის აღსადგენად, რაც ნდობის აღდგენის წინაპირობას წარმოადგენს. ეუთო კვლავაც გაადევნებს თვალს არსებულ ვითარებას და მზად არის დაეხმაროს მხარეებს დაძაბულობის განმუხტვაში,” – განაცხადა მან.

ორი ადამიანი დაიღუპა დაბომბვისა და სროლების შედეგად, რომელსაც 4 ივლისის ღამეს ადგილი ჰქონდა ცხინვალსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ზოგიერთ სოფელში, განაცხადა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ. ქართულმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.

Exit mobile version