მოსკოვს ცხინვალის რეგიონში სარადარო სადგურის განთავსება სურს

რუსეთი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) საგანგებო სხდომის მოწვევის ინიციატივით გამოდის, რათა განხილულ იქნას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სარადარო სადგურის განთავსების შესაძლებლობა.

შერეულ საკონტროლო კომისიის სხდომებში მონაწილეობაზე თბილისმა უარი მარტის დასაწყისში განაცხადა.

”ჩვენ ვთავაზობთ შსკ-ს სხდომის ჩატარებას ივლისის ბოლოს მოსკოვში, რათა განვიხილოთ სასწრაფო სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური ღონისძიებები ნდობის აღსადგენად ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში, ” – განაცხადა რუსეთის მხარის წარმომადგენელმა შსკ-ში იური პოპოვმა შსკ-ს მხარეებისთვის, მათ შორის სამხრეთ ოსური, ქართული და ჩრდილოეთ ოსური მხარეებისთვის გაგზავნილ წერილში.

”ერთ-ერთი ამგვარი ღონისძიება შეიძლება იყოს სარადარო სადგურის განთავსება შერეული სამშვიდობო ძალების დაქვემდებარებაში, რათა გავაკონტროლოთ არასანქცირებული ფრენები კონფლიქტის ზონაში,” – განაცხადა რუსმა დიპლომატმა წერილში.

შერეული სამშვიდობო ძალები რუსული, ოსური და ქართული მხარეების სამშვიდობო ბატალიონისგან შედგება. ფორმალურად, ისინი რუსულ სარდლობას ექვემდებარებიან.

რუსმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ მონაწილე მხარეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სარადარო სადგურის მიერ მოპოვებული ინფორმაცია.

”ამგვარი ქმედება ხელს შეუწყობს ისეთი ინციდენტების თავიდან აცილებას, როგორიც მოხდა შარშან აგვისტოში სოფელ წითელუბანთან და 20 აპრილს აფხაზეთში,” – განაცხადა პოპოვმა.

2007 წლის 6 აგვისტოს სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ და დასავლელმა სამხედრო ექსპერტებმა გამოძიების დასრულების შემდეგ განაცხადეს, საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთიდან შემოფრინდა, ანტი-სარადარო ჭურვი ჩამოაგდო და უკანვე რუსეთის ფედერაციაში გაფრინდა. რუსეთმა კატეგორიულად უარყო ამგვარი ბრალდება და განაცხადა მის სამხედრო ექსპერტების გამოძიებაზე დაყრდნობით, რომ ინციდენტი დადგმული იყო.

გაეროს დამკვირვებელთა მისიის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 2008 წლის 20 აპრილს ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი აფხაზეთის თავზე  რუსულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო. რუსეთმა ეს ბრალდებაც უარყო და განაცხადა, რომ ის მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც გაეროს მისიამ თავისი დასკვნა გააკეთა, ქართულმა მხარემ გააყალბა.

30 ივნისს შერეული სამშვიდობო ძალების რუსულმა სარდლობამ განაცხადა, რომ 28 ივნისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის თავზე SU-25-ის თვითმფრინავის ”არასანქცირებული ფრენა” დაფიქსირდა.

იური პოპოვმა ასევე განაცხადა წერილში, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სიტუაცია უარესდება, რაც ”შეშფოთების წყაროს” წარმოადგენს.

”ყოველდღიურად ხდება ინციდენტები იარაღის გამოყენებით,” – განაცხადა პოპოვმა, ”იზრდება უკანონო საგუშაგოების რიცხვი [კონფლიქტის ზონაში]. ამგვარი განვითარებები სახიფათოა, განსაკუთრებით მოლაპარაკებების არსებული ვაკუუმის ჭრილში”.

თბილისმა მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ შსკ-ს ფორმატით მოლაპარაკებებში აღარ მიიღებდა მონაწილეობას. ქართული მხარე ამ ფორმატის ახალი ფორმულით 2+2+2 შეცვლის ინიციატივით გამოდის, სადაც შევლენ: ქართული მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი. ამ ინიციატივას მოსკოვი და ცხინვალი ეწინააღმდეგებიან.

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტაბმა 30 მაისს განაცხადა, რომ დროა მოიძებნოს შესაძლებლობები მოლაპარაკებების ახალი  ფორმატისთვის სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით.

ევროკავშირის რეაქცია უფრო ფრთხილია. 23 ივნისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, თბილისში აკრედიტებულმა ევროკავშირის ელჩებმა განაცხადეს: ”ჩვენ ცნობად მივიღეთ ეუთოს თავმჯდომარის განზრახვა, რომ განიხილოს ახალი შესაძლო ფორმატები”.

 

 

Exit mobile version