საპარლამენტო უმცირესობამ, რომელიც ერთ ახლადშექმნილ 12-კაციან ფრაქციას მოიცავს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ქრისტიან-დემოკრატების სიით გასული დეპუტატი ლევან ვეფხვაძე წარადგინა.
ოპოზიციას სულ სამი ვიცე-სპიკერის წარდგენა შეუძლია. მეორე ვიცე-სპიკერის პოსტი, შესაძლოა, პარტიის ჩვენ თვითონ ლიდერმა პაატა დავითაიამ დაიკავოს, რომელიც დეპუტატი გაერთიანებული ოპოზიციის სიით გახდა.
დავითაიამ 1 ივლისს თავად დაადასტურა, რომ მისი კანდიდატურა ვიცე-სპიკერად იქნება წარდგენილი მას შემდეგ, რაც შემოდგომაზე კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნება პარლამენტში 12-კაციან ფრაქციის გაყოფის ხარჯზე.
მანამდე კი პაატა დავითაია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს დაიკავებს; მისი თანაპარტიელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ადამიანი უფლებათა კომიტეტში ამავე თანამდებობაზე იქნება წარდგენილი; გაერთიანებული ოპოზიციის სიით გასული კიდევ ერთი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გახდება.
ქრისტიან დემოკრატებიდან დეპუტატი ნიკა ლალიაშვილი, რომელიც უშიშროების სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში; მაგდა ანიკაშვილი – ჯანდაცვის; ხოლო გიორგი ახვლედიანი – განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტებში თავმჯდომარის მოადგილეები გახდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებში თავმჯდომარის მოადგილეები გახდებიან რომან მარსაგიშვილი და კარლო კოპალიანი – რესპუბლიკური პარტიის წარდგინებით ყაზბეგისა და ცაგერის მაჟორიტარული ოლქებიდან გასული დეპუტატები.
პარლამენტში სულ 15 კომიტეტია, მაგრამ ოპოზიციური კადრების სიმწირის გამო ყველა თავმჯდომარის მოადგილის ოპოზიციისთვის განკუთვნილი თანამდებობები ვერ შეივსება.
თუმცა როგორც 12-კაციანი ფრაქცია "ძლიერი საქართველო – ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გია თორთლაძე აცხადებს, ოპოზიცია 15-ვე კომიტეტს მოიცავს წევრობის ხარჯზე მაინც.