სოხუმში მომხდარი აფეთქებების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

სოხუმში ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე 30 ივნისს დილით მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, იტყობინება ”ინტერფაქსი” აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით. 

”დაზიანებები სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის,” – განუცხადა სოხუმის მთავარმა პროკურორმა ალისა ბიგვავამ ”ინტერფაქსს”. 

”როგორც ჩანს, აფეთქებების მიზეზი იყო მოსახლეობის დაშინება და ტურისტული სეზონის ჩაშლა,” – განუცხადა თვითგამოცხადებული რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ გაიდუკოვმა ”რია ნოვოსტის”.

გუშინ გაგრაში, ასევე ბაზრის ტერიტორიაზე ორი  აფეთქება მოხდა და 6 ადამიანი დაშავდა. აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მომხდარს ქართული მხარის მიერ ორგანიზებული ტერაქტი უწოდა, თუმცა თბილისში ეს ბრალდება კატეგორიულად უარყვეს.

ბაღაფშმა 30 ივნისს ”რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ 1 ივლისიდან აფხაზური მხარე ჩაკეტავს ადმინისტრაციულ საზღვარს საქართველოსთან.

Exit mobile version