პარლამენტში ოპოზიციიდან შესულმა თორმეტმა დეპუტატმა პირველი ოპოზიციური ფრაქციის შექმნის შესახებ გააკეთეს 27 ივნისს განცხადება. ფრაქციას სახელწოდებით "ძლიერი საქართველო – ქრისტიან-დემოკრატები" გია თორთლაძე ჩაუდგება სათავეში.
ფრაქცია უახლოეს მომავალში საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს მიიღებს, რომლის ლიდერიც გიორგი თარგამაძე გახდება.
ფრაქციაში გაერთიანდნენ ქრისტიან-დემოკრატების ექვსი დეპუტატი; გაერთიანებული ოპოზიციის სიით გასული პარტიის ”ჩვენ თვითონ” წევრები პაატა დავითაია და დიმიტრი ლორთქიფანიძე, უპარტიო გია თორთლაძე და გია ცაგარეიშვილი და ასევე რესპუბლიკური პარტიის წარდგინებით ყაზბეგისა და ცაგერის მაჟორიტარული ოლქებიდან გასული რომან მარსაგიშვილი და კარლო კოპალიანი.
ოპოზიციიდან პარლამენტში შესული კიდევ ერთი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ახალ ფრაქციაში არ გაერთიანდა, რადგან, როგორც თავად აცხადებს, თითონ აპირებს ახალი ფრაქციის შექმნას, რასაც დღევანდელი კანონით, სულ ცოტა 7 დეპუტატის ერთობა სჭირდება. თუმცა შესაძლოა დეპუტატთა მინიმალური ზღვარი 6-მდე შემცირდეს საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, რომელიც მმართველმა პარტიამ ქრისტიან-დემოკრატებთან შეათანხმა, მაგრამ ჯერ ინიცირებული არ არის.
”უმცირესობის კარები ღიაა ყველა იმ დეპუტატისათვის, რომელსაც აქვს სურვილი გაწევრიანდეს ჩვენთან,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გია თორთლაძემ, ”მოგვიანებით, ალბათ, უმცირესობის რაოდენობა გაიზრდება”.
გია თორთლაძე და გია ცაგარეიშვილი აქამდე აცხადებდნენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდნენ, თუმცა ახალ ფრაქციაში გაწევრიანების შემდეგ ისინი საპარლამენტო ცხოვრებას შეუერთდებიან.
ახალ პარლამენტში ოპოზიციის სულ 15 წარმომადგენელი შევიდა, მათ შორის ორი ლეიბორისტული პარტიის სიით. გაერთიანებული ოპოზიციის 12-მა დეპუტატმა უარი თქვა ”არალეგიტიმურ” პარლამენტში მუშაობაზე. მათ პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდათ. პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს ასევე ოთხი ლეიბორისტი, მათ შორის შალვა ნათელაშვილი, თუმცა ისინი კვლავ დეპუტატებად რჩებიან, რადგან პარლამენტმა არც კი განიხილა მათი იურიდიულად გაუმართავი განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.