ირაკლი იაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

დღეს პარლამენტმა საკუთარი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტა პარლამენტის წევრს ახალი მემარჯვენეებიდან ირაკლი იაშვილს, რომელიც 21 მაისის არჩევნების შედეგად გაერთიანებული ოპოზიციის სიით მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში.

ირაკლი იაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის, ეს ნაბიჯი გაერთიანებული ოპოზიციის 11 ყოფილი დეპუტატის მსგავსად გადადგა, რომელთაც პარლამენტმა უფლებამოსილება წინა კვირაში შეუწყვიტა. გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ არ სურს ”არალეგიტიმურად არჩეულ” პარლამენტში მუშაობა.

რაც შეეხება ლეიბორისტული პარტიის ოთხი დეპუტატის განცხადებას ამავე მოტივით მათი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ეს საკითხი 26 ივნისს პარლამენტის ბიურომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე პლენარულ სხდომაზე გასატანად დაბლოკა, რაც იმას ნიშნავს, რომ შალვა ნათელაშვილი, გიორგი გუგავა, იოსებ შატბერაშვილი და კახა ძაგანია დეპუტატებად რჩებიან. საპარლამენტო კომიტეტმა განაცხადა, რომ ლეიბორისტი დეპუტატების განცხადება იურიდიულად გაუმართავი იყო და მასში არ იყო მკვეთრად გამოკვეთილი მათი მოთხოვნა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მოხსნასთან დაკავშირებით. 

ზოგიერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მიმართვის არაიურიდიული ფორმა შესაძლოა განზრახ იქნა გამოყენებული ლეიბორისტების მოთხოვნის განხილვის გაჭიანურებისთვის.

კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან 19 ივნისს განაცხადა, რომ ლეიბორისტული პარტია, ერთის მხრივ, ”ხელისუფლების თამაშს თამაშობს,” ხოლო მეორე მხრივ, ისე ცდილობს წარმოაჩინოს საკუთარი თავი, თითქოს მანდატებზე უარის თქმას აპირებს.

Exit mobile version