აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო კონტიგენტის საპოლიციო ძალებით ჩანაცვლება ნაადრევად მიაჩნია საქართველოში საფრანგეთის ელჩს ერიკ ფურნიეს.
საფრანგეთი 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.
”ამ ეტაპზე ევროპის მხრიდან არანაირი წინადადება არ წამოსულა [სამშვიდობოების ჩანაცვლებაზე],”- განაცხადა პრესკონფერენციაზე საფრანგეთის ელჩმა, ”ამიტომ მე ცოტა ნაადრევი მეჩვენება ამ თემაზე ლაპარაკი, ვინაიდან ბრიუსელში ამ თემაზე ჯერ არ გამართულა დებატები.”
საფრანგეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ევროკავშირის უფრო აქტიურ ჩართვაზე საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საქმეში, საფრანგეთის ელჩმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ხავიერ სოლანას სიტყვები მოიყვანა და განაცხადა, რომ ”ევროკავშირი უფრო მეტ ვალდებულებას აიღებს იმ მიზნით, რათა წინ წაწიოს გაყინული კონფლიქტების მოგვარება”.
თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ევროკავშირის შუამავლობას მხარეები უნდა დათანხმდნენ.