საქართველოს ოფიციალური პირების ნაწილი გმობს მედვედევი-ბაღაფშის შეხვედრას, ნაწილი კი აცხადებს, რომ შესაძლოა ეს მისასალმებელიც კი იყოს.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 26 ივნისს კრემლში აფხაზეთის სეპარატისტული ლიდერი სერგეი ბაღაფში მიიღო რამდენიმე საათით ადრე რუსეთ-ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე და კონფლიქტის მოგვარების საკითხი განიხილა.
”ჩვენ გაოცებას და აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სეპარატისტული რეჟიმის ლიდერს, რომელმაც სისხლიანი ეთნიკური წმენდა ჩაატარა, ღებულობენ ამ დონეზე და ლაპარაკი მიდის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებზე, სადაც ზუსტად ეს ქმედებები არის მკაცრად შეფასებული,”- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ.
იმავდროულად, საგარეო საქმეთა სამინიტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ასევე ”გაოცებას იწვევს” კრემლში დღევანდელი შეხვედრის ჩატარება იმ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მოსამზადებლად.
”საერთოდ ეს ტენდენცია არის ასეთი ქართულ-რუსულ ურთიერთობებში: როგორც კი პატარა პოზიციური სიგნალი მოდის, ამას იმ წუთსვე მოჰყვება ისეთი ნაბიჯი, რომელიც ფაქტიურად ამ პოზიტივს აქარწყლებს პირწმინდად,”- აღნიშნავს ვაშაძე.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილი განცხადებით, უახლოეს დღეებში გაირკვევა პოზიტიური იყო კრემლში გამართული შეხვედრა კონფლიქტის მოგვარებისათვის, თუ ხელის შემშლელი.
”თუ ვივარაუდებთ, რომ მედვედევი სერიოზულად ემზადება ამ [რუსეთ-ევროკავშირის] შეხვედრისთვის და უნდა, რომ მან დეტალებში იცოდეს ყველაფერი, ეს მისასალმებელია. მაგრამ თუ ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, როდესაც ცალი ხელით გეფერებიან და მეორე ხელით გჭრიან ხელს, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ იქნება მისასალმებელი,”- განაცხადა იაკობაშვილმა, ”მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ამ რამოდენიმე დღეში გაირკვევა”.
მისი ინფორმაციით, საქართველო თემა აქტუალური იქნება, როგორც 26-27 ივნისის რუსეთ-ევროკავშირის, ისე დიდი რვიანის შეხვედრაზე.
გაცილებით რადიკალური იყო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე თავის შეფასებებში. მისი თქმით, მედვედევმა ბაღაფშთან შეხვედრით კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ რუსული სამშვიდობო ფორმატი უნდა შეიცვალოს აფხაზეთში.
”ეს არის პასუხი თუნდაც ქალბატონ მერკელის გუშინდელ მოწოდებაზე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თავშეკავებულები და ფორმატი ჯერ არ უნდა შეიცვალოს. მე ვფიქრობ პირდაპირი დამოძღვრა სეპარატისტთა ლიდერების საკუთარ კაბინეტში განაპირობებს სწორედ იმას, რომ სამშვიდობო ფორმატი აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტი თავად ადასტურებს უკვე, რომ ის წარმოადგენს სწორედ იმ მხარეს, რომელიც არის ინიციატორი აგრესიისა,”- განაცხადა თარგამაძემ.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 25 ივნისს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანია იზიარებს საქართველოს წუხილებს რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით აფხაზეთში, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები უნდა დარჩნენ აფხაზეთში, სანამ მათი ალტერნატივა არ მოიძებნება. მან ასევე მოუწოდა თავშეკავებისაკენ და ვითარების ესკალაციის არ დაშვებისკენ.