21 მაისის საპარლამენტო არჩევნები იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე უკეთესი იყო, განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა მათიას იორშიმ 23 ივნისს.
სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას მათიას იორშიმ აღნიშნა: ”მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მხოლოდ ოთხი თვე გავიდა და საქართველომ საგრძნობლად უკეთესი არჩევნები ჩაატარა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით”.
საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სპეციალური კომიტეტის მოხსენებაში საქართველოს არჩევნების შესახებ, რომელიც 23 ივნისს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ბოლო არჩევნების დროს ”საგრძნობლად გაუმჯობესდა საარჩევნო გარემო, კერძოდ დედაქალაქში, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით”.
თუმცა, მოხსენება ასევე აღნიშნავს საქართველოს საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის დაბალ დონეს. ამასთან მიმართებაში მოხსენებაში ნათქვამია: ”სპეციალური კომიტეტი დარწმუნებულია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები შესაძლებელია იმ საზოგადოებაში, რომელსაც აქვს დიდი ნდობა საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ. ამ კუთხით, სამწუხაროდ, ამ არჩევნებმა სრულად ვერ გამოიყენა ქართველი ხალხის დემოკრატიული პოტენციალი”.
საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე გამართულ დებატებში ასევე მიიღეს მონაწილეობა იმ დეპუტატებმა, რომლებიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წევრები იყვნენ და მათი განცხადებები ძირითადად მათიას იორშის მიერ გაკეთებული მოხსენების ანალოგიური იყო.
თუმცა, დეპუტატმა ნიდერლანდებიდან ტაინი კოქსმა განსხვავებული შეხედულება დააფიქსირა დებატების დროს. ”მე მახსოვს, როგორც გვეუბნებოდა მათიას იორში [საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დროს], რომ საპრეზიდენტო არჩევნები მოსალოდნელზე უარესი იყო; ანუ, თუ [21 მაისის საპარლამენტო არჩევნები] საპრეზიდენტო არჩევნებზე უკეთესი იყო, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები მოსალოდნელზე უარესი, რამდენად შორს წავედით ჩვენ?”
21 იანვარს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომაზე გამოსვლისას მათიას იორშიმ განაცხადა, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები ”იმედგაცრუება” იყო და რომ მას ეგონა, რომ საქართველო უკეთეს არჩევნებს ჩაატარებდა.
”მათიას იორში ასევე აცხადებს, რომ ”ამ არჩევნებზე სრულად არ იქნა გამოყენებული საქართველოს დემოკრატიული პოტენციალი,” – განაგრძო კოქსმა, ”ჩემთვის ნაცნობია ეს წინადადება, რადგანაც ის ძალიან გავს იმ წინადადებას, რომელიც ჩვენ ჩავდეთ დეკლარაციაში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე და ვფიქრობ, რომ [ორივე] არჩევნებზე ამავე პოზიციიდან უნდა ვიმსჯელოთ, რაც საქართველოს არჩევნებს არ ხდის უკეთესს, ვიდრე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები იყო და სწორედ ეს უნდა გვაწუხებდეს ძალიან”.