გადაცემა ”7დღე” დაიხურა

გადაცემა ”7 დღე”, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე კვირა დღეს გადიოდა, გაურკვეველი ვადით დაიხურა.

გადაცემას სტუდია ”ახალი დროება” ამზადებდა. სტუდიის დამფუძნებლის რუსუდან ცხომელიძის განმარტებით, გადაცემის დახურვის მიზეზი პარტნიორი კომპანია GLTV-ის მიერ გამოგზავნილი წერილი გახდა, რომელშიც  სტუდიას იმ აპარატურას თხოვდა უკან, რომელიც ერთწლიანი ხელშეკრულებით ჰქონდა GLTV-გან გადაცემული და რომლის საშუალებითაც გადაცემა ყოველ კვირას ეთერში გადიოდა.

”ჩვენ შეგვიწყვიტეს ერთწლიანი კონტრაქტი. როგორც წერილშია ნათქვამი, კომპანია GLTV-ის ეს აპარატურა რომელიღაც კომპანიასთან გარიგების სანაცვლოდ გირაოში ჰქონდა ჩადებული და ვალის ვერ გადახდის გამო აპარატურის გადაცემა გახდა საჭირო”, – განუცხადა Civil.ge-ს ცხომელიძემ, ”ჩვენ ასეთი გარიგების შესახებ აქამდე  ინფორმირებული არ ვყოფილვართ”.

რუსუდან ცხომელიძემ სამოქმედო გეგმა ვერ დააკონკრეტა. მისი თქმით, პრობლემას სტუდიის იურისტები სწავლობენ. 

სტუდია ”ახალი დროება” ტელეკომპანია ”იმედის” ყოველკვირეული გადაცემა  ”დროების” ყოფილმა ჟურნალისტებმა 2008 წლის დასაწყისში მას შემდეგ ჩამოაყალიბეს, რაც საჯარო განცხადება გააკეთეს ”იმედიდან” კოლექტიური წამოსვლის შესახებ. მათ ნაბიჯს ”იმედის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება მოჰყვა მაუწყებლობის შეჩერების თაობაზე.

იმავდროულად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთადერთი პოლიტიკური თოქ-შოუ ”დღის კომენტარი”, რომელიც ეთერში სამშაბათს და პარასკევს საღამოობით გადიოდა,  საზაფხულო შვებულების მოტივით 17 ივნისს დაემშვიდობა მაყურებელს სექტემბრამდე.

Exit mobile version