პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ, ქართული დასის ლიდერმა, რომელიც პარლამენტში შესვლის გამო გაერთიანებულმა ოპოზიციამ თავისი რიგებიდან გარიცხა, დააყენა წინადადება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც 7 ნოემბრის მოვლენებს, 5 იანვრის საპრეზიდენტო და 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობას გამოიძიებს.
ბაღათურიას განცხადებით, საზოგადოებას აინტერესებს, თუ ”რა მოხდა 7 ნოემბერს, ვინ გასცა ბრძანება, რომ ხალხი ასე სასტიკად დაერბიათ” და ასევე ბოლო ორი არჩევნების ”გაყალბების თუ არ გაყალბების” საკითხი.
”საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, მეორე ნაწილი პოლიტიკოსების და საზოგადოების თვლის, რომ ეს არჩევნები არ გაყალბებულა და დღითიდღე ეს დაპირისპირება მწვავდება და ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ როგორმე ეს დაპირისპირება ჩაქრეს,”- განაცხადა მან საპარლამენტო ტრიბუნასთან, ”ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია შევქმნათ ისეთი ორგანო, რომელიც გაარკვევს მტყუანსა და მართალს”.
თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ უარყო ბაღათურიას ინიციატივა იმ მოტივით, რომ პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს ერთი დეპუტატის კერძო ინიციატივის საფუძველზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. კომისიის შექმნა შეუძლია მოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კომიტეტმა, ფრაქციამ ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეოთხედმა.