რუსეთის საგარეო უწყებაში საქართველოს კონფლიქტებზე იმსჯელეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 19 ივნისს ორი დამოუკიდებელი შეხვედრა გამართა გერმანელ და ამერიკელ დიპლომატებთან საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, კარასინმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პირველ მოადგილესთან უილიამ ბერნსთან შეხვედრაზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში სიტუაციის დეესკალაციის საჭიროებაზე იმსჯელა.

იმავე დღეს, კარასინის შეხვდა გერმანიის საგარეო უწყების რწმუნებულს აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ჰანს-დიტერ ლუკასს. ამ შეხვედრაზე ყურადღება აფხაზეთის კონფლიქტზე გამახვილდა.

”აღინიშნა გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობართა ჯგუფის ფარგლებში შეთანხმებული ზომების მიღების საჭიროება კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის შერბილების და მოლაპარაკებათა პროცესის განახლების მიზნით,”- იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.

Exit mobile version