გაერთიანებული ოპოზიცია სექტემბრამდე ’ტაიმ-აუტს’ იღებს

გაერთიანებული ოპოზიცია საზაფხულო ”ტაიმ-აუტს” იღებს და სექტემბრიდან აპირებს აქტიური პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას ”სააკაშვილის რეჟიმის დასასრულებლად და საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის”, განაცხადეს ლიდერებმა დღეს სამსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, სექტემბრამდე გაგრძელდება მუშაობა ე.წ. ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის სტრუქტურის ჩამოყალიბების და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით.  ამ ეტაპზე უცნობია ბრძოლის რა ფორმას მიმართავს თავისივე სურვილით პარლამენტს გარეთ დარჩენილი შვიდი პარტიის ოპოზიციური გაერთიანება.  

”ზაფხული მკვდარი პერიოდია და ჩვენც მეტი დრო გვჭირდება, რომ სტრატეგიულ საკითხებზე შევთანხმდეთ და ამავე დროს ტაქტიკაც იყოს კარგად შემუშავებული,” – განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს, ”პოლიტიკური ცენტრი ბუნებრივია იარსებებს და იქნება, იქ სადაც ამდენი პოლიტიკური ძალაა … ფორმატი არის მოსაფიქრებელი, რომ ეს იყოს ეფექტური”.

მისივე თქმით,  ზაფხულის განმავლობაში კონსულტაციები გაგრძელდება რესპუბლიკურ და ლეიბორისტულ პარტიებთანაც.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ახალი მემარჯვენეების, კონსერვატორების, ხალხის პარტიის, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ეროვნული ფორუმის , საქართველოს გზის და პარტია თავისუფლების ლიდერები, ასევე ლევან გაჩეჩილაძე და გოგა ხაინდრავა- ეროვნული საბჭოს ინდივიდუალური წევრები.

თუმცა ლიდერთა შეკრება მალევე დატოვა პარტია თავისუფლების ხელმძღვანელმა კონსტანტინე გამსახურდიამ. მან დღეს ეროვნულ საბჭოს საკუთარი მემორანდუმი წარუდგინა და განაცხადა, რომ ამ წინადადებების გაზიარებაზე იქნება დამოკიდებული დარჩება თუ დატოვებს ის გაერთიანებულ ოპოზიციას.

გამსახურდიამ მოითხოვა ეროვნული საბჭოს რეფორმირება მისი სათათბირო ორგანოდ გადაქცევის გზით და სულ მცირე ოთხი ოპოზიციური პარტიით გაფართოება, რადგან არსებული ფორმით ეს გაერთიანება ”სახის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას”. მან არ დააკონკრეტა რომელ ოთხ პარტიას გულისხმობდა. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ლეიბორისტები იყვნენ, რომელთაც დღეს განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ ეროვნულ საბჭოში კვლავ გაერთიანებას, თუმცა მათთან კოორდინაციას გეგმავენ.

გამსახურდია თავის მემორანდუმში ასევე მოითხოვს გადაწყვეტილებები ეროვნულ საბჭოში მიიღებოდეს კონსენსუსის წესით და არა ”სამი კაცის მიერ”.  გამსახურდია ამ ”სამ კაცში”, სავარაუდოდ, დავით გამყრელიძეს, ლევან გაჩეჩილაძეს და სალომე ზურაბიშვილს გულისხმობდა. მისი სხვა მოთხოვნები უკავშირდება ასევე ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გასამართლებას და 1992 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ დღეს ამ წინადადებებზე მსჯელობა ვერ მოხერხდა, თუმცა მომავალში გაგრძელდება პარტია თავისუფლებასთან ამ თემაზე კონსულტაციები.

არჩევნების შემდეგ გაერთიანებულ ოპოზიციას ორი პარტია – ქართული დასი და ჩვენ თვითონ გამოეყო. გაერთიანება ასევე დატოვეს ეროვნული საბჭოს უპარტიო სუბიექტებმა გია თორთლაძემ და გია ცაგარეიშვილმა, ასევე საქართველოს გზის ყოფილმა წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. ხუთივე დეპუტატი უარს ამბობს საპარლამენტო მანდატების დატოვებაზე. თუმცა გია თორთლაძემ 17 ივნისს განაცხადა, რომ ის ბოიკოტის რეჟიმში გააგრძელებს პარლამენტში ყოფნას. 

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა გააკრიტიკეს ყოფილი თანამებრძოლების ნაბიჯი, თუმცა აღნიშნეს, რომ ამით გაერთიანების ”კრისტალიზაციის” პროცესი დასრულდა.

Exit mobile version