თბილისი ცხინვალის რეგიონში განლაგებულ რუს სამშვიდობოებს აკრიტიკებს

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 16 ივნისს განცხადება გამოქვეყნა, რომელშიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალები დაადანაშაულა შეიარაღებული ინციდენტების თავიდან აცილების ”უუნარობასა” და ”სურვილის არ ქონაში”.

ცხინვალში ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა ქართულ და სამხრეთ ოსურ ძალებს შორის მომხდარი სროლების შედეგად 14-დან 15 ივნისის ღამეს.
 
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, ”ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნეს სოფლების ერგნეთისა და ნიქოზის მიმართულებით”. 

”ამის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი ნაგებობები და უშუალო საფრთხე შეექმნა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ქართული მხარე იძულებული შეიქმნა საპასუხო ცეცხლი გაეხსნა მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად,” – ნათქვამია განცხადებაში.

ცხინვალმა ქართული მხარე დაადანაშაულა ცეცხლის გახსნაში. საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსი” იტყობინება რუსული სამშვიდობო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით, რომ შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ რომელმა მხარემ გახსნა ცეცხლი პირველად, რომელიც, დაახლოებით, საათნახევარს გაგრძელდა.

”ამ კონკრეტული ინციდენტისას, ისევე როგორც მრავალ სხვა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ წარმოჩინდა რუსი სამშვიდობოების უნიათობა, რომელთაც არ გააჩნიათ უნარი და სურვილი შეასრულონ სამშვიდობო მანდატი, განსაკუთრებით შეიარაღებული ინციდენტების პრევენციის მიმართულებით, რაც წარმოადგენს კონფლიქტის ზონაში მათი ყოფნის ძირითად მოვალეობას… აშკარაა, რომ არსებული სამშვიდობო მექანიზმი არ მუშაობს და ბოლოდროინდელი ინციდენტები [კონფლიქტის ზონაში] მათი [სამშვიდობოების] უმოქმედობის შედეგია”.

”რუსული სამშვიდობო ძალები არ ასრულებენ მთავარი ვალდებულებას – ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებას, იარაღის და საბრძოლო მასალების რუსეთის მხრიდან შემოდინების შეჩერებას,” – ნათქვამია განცხადებაში.

Exit mobile version