პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა 102 ხმით 1-ის წინააღმდეგ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენის მიიღო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ვიცე-სპიკერების, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების და კომიტეტების რაოდენობა იზრდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ეს ცვლილებები ”პირველი ნაბიჯია” იმ შეთანხმების შესრულების გზაზე, რომელიც მმართველმა პარტიამ ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასთან ორდღიანი კონსულტაციების შედეგად მიაღწია 12 ივნისს.

ცვლილებების თანახმად, პარლამენტის ვიცე-სპიკერების რაოდენობა ოთხიდან ცხრამდე იზრდება.  ცვლილებების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თავად პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს; არა უმეტეს სამს საპარლამენტო უმრავლესობა; ხოლო სამი კანდიდატის წარდგენის უფლება ბარიერგადალახულ ძალებს ექნებათ, რომლებიც უმრავლესობის გარეთ არიან დარჩენილები; ორი ვიცე-სპიკერი კი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიიდან არჩეული დეპუტატები გახდებიან.

რეგლამენტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, სამამდე იზრდება კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების რაოდენობა, საიდანაც ერთს, თუმცა არა პირველ მოადგილეს, ოპოზიცია დანიშნავს. საპარლამენტო კომიტეტების უმრავლესობამ, რომელთა თავმჯდომარეები მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან, უკვე აირჩია თავმჯდომარის ორი მოადგილე  უმრავლესობის რიგებიდან.

ამავე ცვლილებების თანახმად, კომიტეტების საერთო რაოდენობა 13-დან 15-მდე იზრდება. კერძოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტს გამოეყოფა სპორტის სფერო და შეიქმნება სპორტისა და ახალგაზრდობის ცალკე კომიტეტი, რომელსაც სავარაუდოდ, გიორგი ასანიძე, მმართველი პარტიის დეპუტატი ჩაუდგება სათავეში. 

შეიქმნება კიდევ ერთი   – უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტი, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ასევე უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური უხელმძღვანელებს.

მმართველი პარტიის შემდგომი ნაბიჯი იქნება ფრაქციების შექმნისათვის საჭირო 7 დეპუტატის 6-მდე შემცირება, რათა ქრისტიან-დემოკრატების ექვსმა დეპუტატმა, რომლებმაც საპარლამენტო მანდატებზე უარი არ თქვეს, შეძლოს ფრაქციის ჩამოყალიბება. თუმცა ამას საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება და თითქმის ორთვიანი განხილვის პროცედურა დასჭირდება. 

დღესვე, 108 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას. ამ კომისიას წინა პარლამენტში ამჟამინდელი დეპუტატი შოთა მალაშხია ხელმძვანელობდა.

Exit mobile version