კონსტანტინე გამსახურდია დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს

პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ 12 ივნისს განაცხადა, რომ ის არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ტოვებს დეპუტატის მანდატს.

გამსახურდიამ, რომელიც რვა ოპოზიციური პარტიის ბლოკის ერთ-ერთი ლიდერია, შესაბამის მიმართვას პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე მოაწერა ხელი.

”ჩემი მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება დაუყოვნებლივ ჩაბარდება ე.წ. პარლამენტის სამდივნოს,”- განაცხადა მან.  

მისი თქმით, მაისის არჩევნები ძალადობით იქნა გაყალბებული ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის მიერ. 

”ამ გზით არჩეული, უფრო სწორად, დანიშნული პარლამენტი არ შეიძლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს,”- განაცხადა გამსახურდიამ, ”მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ ძალას აღიაროს 1992 წლის შემდეგ ჩატარებული ყველა არჩევნების და მათ შედეგად  წარმოქმნილი ხელისუფლებების არალეგიტიმურობა საქართველოში… მე კონსტანტინე გამსახურდია ამიტომაც არ შევდივარ ძალადობით და გაყალბებით დანიშნულ არალეგიტიმურ პარლამენტში. ამის უფლებას მე არ მაძლევს ჩემი უშუალო წინაპრების – დიდი კონსტანტინეს და დიდი ზვიადის ხსოვნისა და ეროვნული იდეალების ერთგულება”. 

მან ასევე განაცხადა, რომ აგრძელებს ”უკომპრომისო ბრძოლას კანონიერებისათვის და  თავისუფლებისთვის”.

დღევანდელი განცხადების შემდეგ არ გამართლდა წინასწარი ვარაუდი იმის თაობაზე, რომ კონსტანტინე გამსახურდია შესაძლოა პარლამენტში მუშაობას დათანხმებოდა.

გაერთიანებული ოპოზიციის დეპუტატთა უმრავლესობა ხვალ, დღის 12 საათზე დაგეგმილ სპეციალურ ბრიფინგზე აპირებს მანდატების დატოვების შესახებ განცხადებების დაწერას.

თუმცა ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ 12 ივნისს განაცხადა, რომ პარტიის საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ მას შემდეგ გაახმოვანებს, როცა ოპოზიციური კოალიციის ლიდერები ოფიციალურ წერილობით მოთხოვნას გააკეთებენ მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

კახა კუკავამ კონსერვატორული პარტიიდან დღეს განაცხადა, რომ ბაღათურიას პარლამენტში შესვლა სურს.

ლეიბორისტული პარტია აცხადებს, რომ არ შევა პარლამენტში, თუმცა უცნობია დაწერენ თუ არა ისინი შესაბამის განცხადებებს, რაც მანდატების დატოვებისათვის სავალდებულო იურიდიული პროცედურაა.

Exit mobile version