გაერთიანებული ოპოზიციის სიით გასული სულ ცოტა ოთხი დეპუტატი არ აპირებს დეპუტატის მანდატებზე უარის თქმას, ხოლო სულ ცოტა ორს ჯერ მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია. როგორც ჩანს, არც ლეიბორისტულ პარტიას სურს უარი თქვას თავის სადეპუტატო მანდატებზე.
ოპოზიციურ ბლოკში შემავალმა იმ პარტიებმა, რომლებიც ახალი პარლამენტის ბოიკოტირებას აპირებენ, დღეს განაცხადეს, რომ მათი დეპუტატები 13 ივნისს ოფიციალურად მიმართავენ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით.
”ისინი, ვინც არ მოაწერენ ხელს მიმართვას, გარიცხული იქნებიან გაერთიანებული ოპოზიციიდან,” – ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოპოზიციურ კოალიციას სულ 17 დეპუტატი ჰყავს ახალ პარლამენტში.
მათგან სულ ცოტა ოთხმა უკვე განაცხადა, რომ ისინი არ იტყვიან უარს თავიანთ მანდატებზე. ყველა მათგანმა უკვე დატოვა კოალიცია. მათ შორის არიან: დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც პარტია საქართველოს გზის წევრი იყო, თუმცა არჩევნებიდან ცოტა ხანში დატოვა პარტია; პაატა დავითაია, პარტიის ჩვენ თვითონ ლიდერი; გია თორთლაძე და გიორგი ცაგარეიშვილი – ეროვნული საბჭოს ინდივიდუალური წევრები.
კოალიციის სულ ცოტა ორ წევრს, როგორც ჩანს, ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, რადგანაც საკითხზე მკაფიო პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებიათ – ესენი არიან კონსტანტინე გამსახურდია, პარტია თავისუფლების ლიდერი და ჯონდი ბაღათურია, პარტია ქართული დასის ლიდერი.
9 ივნისს ოპოზიციურმა კოალიციამ სთხოვა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გააუქმოს მისი პარტიული სია. ჩვეულებრივ, როდესაც პარტიული სიით არჩეული დეპუტატი ტოვებს პარლამენტს, სიაში მისი შემდგომი კანდიდატი იკავებს მის ადგილს. პარტიული სიის ანულირება იმას ნიშნავს, რომ სიის არც ერთ კანდიდატს აღარ ექნება უფლებამონაცვლის სტატუსი მას შემდეგ, რაც არჩეული დეპუტატები უარს იტყვიან თავიანთ მანდატებზე.
პარტიული სიის ანულირების პროცედურას ცესკომ 10 ივნისს დაუჭირა მხარი. შედეგად, გაერთიანებული ოპოზიციის დეპუტატების უმრავლესობა პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დაწერს განცხადებას მათი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, როგორც თავად აცხადებენ.
ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ იგრძნობა, რომ ლეიბორისტული პარტია, რომელიც აცხადებს, რომ ახალ პარლამენტს ბოიკოტს გამოუცხადებს, იგივეს გააკეთებს.
დეპუტატმა გიორგი გუგავამ ლეიბორისტული პარტიიდან თავი აარიდა პირდაპირი პასუხის გაცემას იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა მისი პარტია საკუთარი პარტიული სიის ანულირებას და სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმას; ამის სანაცვლოდ, 10 ივნისს მან განუცხადა Civil.Ge-ს: ”მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ შევდივართ ამ პარლამენტში”.
ლეიბორისტულ პარტიას ექვსი დეპუტატი ჰყავს ახალ პარლამენტში. ლეიბორისტული პარტიის სიით გასული ორი დეპუტატი უკვე შევიდა ახალ პარლამენტში და ორივე მათგანი პარტიის ხელმძღვანელობამ ამ ქმედებისთვის გააკრიტიკა.
ამასობაში, ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ, რომელსაც ასევე ექვსი წევრი ჰყავს ახალ პარლამენტში, უკვე ნათლად მიანიშნა, რომ არ აპირებს მანდატებზე უარის თქმას.
ამის სანაცვლოდ, პარტიამ, რომელსაც გიორგი თარგამაძე ხელმძღვანელობს, პირობები მოამზადა, რომელთაც სთავაზობს სხვა ოპოზიციურ პარტიებს მმართველ პარტიასთან ერთობლივად განსახილველად. ამ დოკუმენტის პრეზენტაცია თავდაპირველად 10 ივნისს იგეგმებოდა, თუმცა პარტიამ ის ერთი დღით გადადო.
თარგამაძის თქმით, მემორანდუმი შეიცავს ”რეალისტურ მოთხოვნებს” ხელისუფლებისადმი. ”მემორანდუმი შეიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა გარანტიები, რომ მმართველი პარტია არ გამოიყენებს თავის საკონსტიტუციო უმრავლესობას კონსტიტუციის ცალმხრივად შეცვლისთვის; ასევე მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა,” – განაცხადა თარგამაძემ.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებს გაიზიარონ ეს მოთხოვნები და უარი თქვან პარლამენტის ბოიკოტირებაზე იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა მემორანდუმში გახმოვანებულ პირობებთან დაკავშირებით.
ოპოზიციურმა კოალიციამ უკვე განაცხადა, რომ ის არ აპირებს მემორანდუმის მიღებას, რადგანაც მტკიცედ დგას ბოიკოტის იდეაზე. თუმცა ისინი, ვინც ახალ პარლამენტში შესვლას აპირებენ, უფრო თანამშრომლობენ ქრისტიან-დემოკრატებთან ამ საკითხზე.
პარტიის ჩვენ თვითონ ლიდერმა პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ მისი სურვილია, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას მართვის გარკვეული ბერკეტები მისცეს, მათ შორის კონტროლის პალატისა და გენერალური პროკურატურის კონტროლის უფლება.