პარლამენტის სხდომა მიმდინარე კვირაში იგეგმება

საქართველოს პარლამენტის მორიგი სხდომა მიმდინარე კვირაში იგეგმება, თუმცა ჯერ კონკრეტული დღე დადგენილი არ არის.

პარლამენტის სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევის საკითხი შევა დღის წესრიგში, ასევე გაფორმდება ფრაქციები. გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობაში კიდევ ერთი –  მაჟორიტართა ფრაქცია შეიქმნება.

გარდა ამისა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ტყიბულის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი გახდება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს კი ისრაელში ყოფილი ელჩი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ლაშა ჟვანია დაიკავებს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს კვლავ გივი თარგამაძე, ხოლო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ისევ ხათუნა გოგორიშვილი ჩაიბარებს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ გოკა გაბაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე სახელდება, რომელიც უფრო ადრე კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარედ ზურაბ მელიქიშვილის, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის კანდიდატურა განიხილება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ კი დეპუტატი ზაზა გამცემლიძე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი სახელდება.  

ჯერ-ჯერობით უცნობია დანარჩენი, მათ შორის ეკონომიკური მიმართულების კომიტეტების მომავალი ხელმძღვანელების ვინაობა. როგორც ჩანს, ამ თანამდებობებზე ოპოზიციური კანდიდატურებიც განიხილებიან იმ შემთხვევაში, თუ ისინი პარლამენტში მუშაობაზე თანხმობას განაცხადებენ.

პარლამენტის კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილ წევრს გია თორთლაძეს, რომელმაც 9 იავნისს გია ცაგარეიშვილთან ერთად ეროვნული საბჭოს დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ აპირებს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელობას სთავაზობენ. თუმცა გია თორთლაძე ამ შესაძლებლობას კატეგორიულად უარყოფს.

მმართველი პარტიიდან პარლამენტში, სავარაუდოდ,  ოთხი ვიცე-სპიკერი იქნება წარმოდგენილი: მიხეილ მაჭავარიანი და გიგი წერეთელი – ორივე მათგანი წინა ორი მოწვევის პარლამენტში ამ თანამდებობაზე მუშაობდნენ; ასევე სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რუსუდან კერვალიშვილი და ბათუმის მაჟორიტარი თემურ ჩარკვიანი. ეს უკანასკნელი სპიკერატში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის გამოყოფილ კვოტას დაიკავებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა სამივე ოპოზიციურ ძალას – ქრისტიან-დემოკრატებს, გაერთიანებულ ოპოზიციას და ლეიბორისტებს – თითო ვიცე-სპიკერის პოსტს სთავაზობს.

თუმცა გაერთიანებული ოპოზიცია და ლეიბორისტული პარტია აცხადებს, რომ ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ და შესაბამისად, თანამდებობების მიღებასაც არ თანხმდებიან; გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატები კი, მიუხედავად იმისა, რომ 7 ივნისს პირველ სხდომას არ დაესწრნენ, სადეპუტატო მანდატებზე უარს არ ამბობენ.

ქრისტიან-დემოკრატების გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში ექნება აზრი პარლამენტის მუშაობას, თუ ოპოზიციას კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები მიეცემა. ქრისტიან-დემოკრატების მიერ ფრაქციის შექმნაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ამ პარტიიდან გასული 6 დეპუტატი საკმარისი არ არის ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად.

უმრავლესობა აცხადებს, რომ მზადაა ფრაქციისთვის საჭირო 7-კაციანი მინიმალური რაოდენობა 6-მდე შეამციროს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების მიღების გზით.

იმავდროულად, გაერთიანებულმა ოპოზიციამ საარჩევნო სიის ანულირება მოითხოვა. თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს მათ მიერ გაყვანილი 17 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას. თითოეულმა ინდივიდუალურად უნდა მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატობაზე უარის თქმის თაობაზე, რის შედეგადაც 150-წევრიანი პარლამენტი განაცხადების დაკმაყოფილების შესაბამისად შემცირდება იმის გამო, რომ დეპუტატების ადგილმონაცვლე კანდიდატთა საარჩევნო სია აღარ იარსებებს. 

თუმცა სულ ცოტა სამი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი, გია თორთლაძე და ბლოკის ყოფილი სუბიექტის ”ჩვენ თვითონ” ლიდერი პაატა დავითაია, რომელმაც ასევე მოიპოვა სადეპუტატო მანდატი გაერთიანებული ოპოზიციის სიით, პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს. გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთ წევრს, ქართული დასის ლიდერს ჯონდი ბაღათურიას საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული უფლებამოსილების მოხსნასთან დაკავშირებით.  

 

Exit mobile version