რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მას არ გააჩნია ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებს შეხვედრა იგეგმება, იტყობინება ”რია ნოვოსტი” 9 ივნისს.
მედვედევის და სააკაშვილის შესაძლო შეხვედრის შესახებ ვარაუდები მას შემდეგ წარმოიშვა, რაც საქართველოს ელჩმა რუსეთში ეროსი კიწმარიშვილმა 7 ივნისს განაცხადა, რომ სანკტ-პეტერბურგში პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უფრო მასშტაბური შეხვედრის გამართვის სურვილი გამოთქვა.
”მე არ მაქვს ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მომცემდა გამეკეთებინა განცხადება, რომ ახალი რუსულ-ქართული სამიტი ახლო მომავალში გაიმართება,” – განაცხადა ლავროვმა.