ახალი მოწვევის პარლამენტმა, რომელიც ძირითადად მმართველი პარტიის დეპუტატებისგან შედგება, პირველი სხდომა 7 ივნისს გამართა – უფრო ადრე, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ოპოზიციამ, რომელმაც ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების გამო ვერ შეძლო დაპირებული ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარება, განაცხადა, რომ ზუსტი სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს.
პარლამენტის პირველი სხდომა
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 7 ივნისს დილის 10 საათზე გაიხსნა პრეზიდენტ სააკაშვილის შვიდ-წუთიანი გამოსვლით, რომლის დროსაც მან ერის ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
”როგორი პირადი წყენაც არ უნდა მოგვაყენოს ვინმემ, როგორი ცუდი სიტყვებიც, არასასურველი სიტყვებიც არ უნდა გვეძახონ, როგორი შეტევებიც არ უნდა განახორციელონ ჩვენზე, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამას ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ”ჩვენი მთავარი ფასეულობა არის საქართველოს ერთიანობა. ჩვენ არა გვაქვს ფუფუნება, რომ საქართველო დავყოთ ზომიერებად და რადიკალებად, აგრესიულებად და ნაკლებად აგრესიულებად. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ჩვენ თანამემამულეს გავუწოდოთ ხელი”.
თავის გამოსვლაში მან ასევე ხაზი გაუსვა წინა პარლამენტის პოზიტიურ როლს და მადლობა გადაუხადა ყოფილ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს ”მის მიერ გაწეული ძალიან კარგი და ძალიან სასარგებლო საქმეებისთვის”. ბურჯანაძემ მმართველი პარტია აპრილში დატოვა პარტიულ სიაზე შეუთანხმებლობის მოტივით, თუმცა მას შემდეგ დეტალურად მისი წასვლის მიზეზებზე არ უსაუბრია. სავარაუდოდ, ის პოლიტიკაში ისევ დაბრუნდება.
პრეზიდენტის გამოსვლას მოყვა 150 არჩეული პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციიდან, უფლებამოსილების ცნობა. მმართველი პარტიის პარლამენტარებმა სადეპუტატო ფიცი დადეს, რის შემდეგაც პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი იქნა არჩეული.
პარლამენტის პირველივე სხდომაზე მმართველი პარტიის დეპუტაციამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი აირჩია. 150-წევრიან პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობაში ნაციონალური მოძრაობის მიერ გაყვანილი 119 დეპუტატი შედის. წინა პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობა მაია ნადირაძეს ეკავა.
პარლამენტის სხდომას დღეს მმართველი პარტიის 117 დეპუტატი და სამი ოპოზიციონერი დეპუტატი ესწრებოდა. რამაზ თედორაძე ამ გადაწყვეტილების გამო ლეიბორისტული პარტიიდან გარიცხეს. დანარჩენი ორი დეპუტატი იყო რესპუბლიკური პარტიის წარდგინებით მაჟორიტარული წესით გასული კარლო მუშკუდიანი და რომან მარსაგიშვილი, რომელთა ეს ქმედება ასევე დაგმო რესპუბლიკურმა პარტიამ.
პირველ სხდომას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მოგვიანებით პატრიარქმა პარლამენტის წინ შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა.
მმართველი პარტიის შეთავაზება ოპოზიციის მიმართ
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მოუწოდა ოპოზიციას უარი თქვან პარლამენტის ბოიკოტირებაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზად არის ოპოზიციას საპარლამენტო პოსტები შესთავაზოს.
ეს შეთავაზება ითვალისწინებს: ვიცე-სპიკერის სულ ცოტა ორ თანამდებობას (ახალ პარლამენტში ხუთი ვიცე-სპიკერის პოსტი იქნება); თანამდებობები საპარლამენტო კომიტეტებში და ექვსი დეპუტატის მიერ ფრაქციის ჩამოყალიბების შესაძლებლობა. წინა პარლამენტში სულ ცოტა ათი დეპუტატი იყო საჭირო ფრაქციის შესაქმნელად. ქრისტიან-დემოკრატებმა და ლეიბორისტულმა პარტიამ 6-6 მანდატი მოიპოვეს ახალ პარლამენტში, ხოლო რვა პარტიის ოპოზიციურმა ბლოკმა – 17.
ფრაქციის ჩამოყალიბება გარკვეულ პოლიტიკურ პრივილეგიებს იძლევა – მათ შორის პარლამენტის ბიუროს წევრობა, გარანტირებული ადგილები კომიტეტებში, საგამოძიებო კომისიებში და საპარლამენტო დელეგაციებში.
”ეს არ არის სრული ჩამონათვალი. ჩვენ ველოდებით მათგან წინადადებებს, რომელიც მოემსახურება ამ პარლამენტში ოპოზიციის სრულფასოვან წარმომადგენლობას… ჩვენ ველოდებით მათგან თანამშრომლობას,”- განაცხადა პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ.
თუმცა, ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ შემოთავაზებებს უგულებელყოფს და აცხადებს, რომ ისინი პარლამენტის ბოიკოტირების იდეის ერთგულნი რჩებიან.
პარლამენტის გარეთ განვითარებული მოვლენები
პარლამენტის პირველი სხდომის გამართვა 9 ან 10 ივნისს იყო მოსალოდნელი.
პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ პარასკევს გვიან საღამოს გამოცემული ბრძანებულება სხდომის 7 ივნისს დანიშვნის თაობაზე ოპოზიციისთვის მოულოდნელი ”სიურპრიზი” აღმოჩნდა.
რვა პარტიის ოპოზიციური კოალიცია და ლეიბორისტული პარტია საპროტესტო აქციის დაწყებას 8 ივნისს გვიან ღამით გეგმავდა. ოპოზიცია, რომელიც განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, იმედოვნებდა, რომ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის გზით ზეწოლას მოახდენდა ხელისუფლებაზე.
თუმცა, პრეზიდენტის მოულოდნელმა განკარგულებამ აიძულა ოპოზიცია 6 ივნისს ღამით დაუგეგმავი საპროტესტო აქციისკენ მოეწოდებინა. შუაღამისას პარლამენტის წინ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, ხოლო ღამე რამდენიმე ათეულმა გაათენა.
მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის შენობას პოლიცია და პარლამენტის დაცვა იცავდა. ხოლო 7 ივნისს დილიდან ვარდების მოედანზე განლაგდა ორი წყლის ჭავლის მანქანა და 19 ავტობუსი სპეცრაზმელებით.
დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან პარლამენტში შეკრება სხდომამდე ერთი საათით ადრე დაიწყეს. მაშინ პარლამენტის წინ მხოლოდ რამდენიმე ასეული მომიტინგე იყო შეკრებილი.
აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ ოპოზიციის ლიდერები ლეიბორისტული პარტიიდან და ოპოზიციური კოალიციიდან. რეპუბლიკელებმა და ქრისტიან-დემოკრატებმა მანამდე განაცხადეს, რომ არ შეუერთდებოდნენ აქციას იმ მოტივით, რომ მისი მიზანი ვერ გაიგეს.
თავიანთ გამოსვლებში ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ განაგრძობენ ბრძოლას და არ შედიან ახალ პარლამენტში.
ამის სიმბოლური დემონსტრირების მიზნით, ოპოზიციის ლიდერებმა, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძემ, დავით გამყრელიძემ, კობა დავითაშვილმა, შალვა ნათელაშვილმა და სხვებმა თავიანთი სადეპუტატო მანდატები საჯაროდ დაჭრეს მაკრატლით.
ოპოზიციის ლიდერები ”უსირცხვილოს” უწოდებდნენ იმ დეპუტატებს, ძირითადად ოპოზიციიდან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. მართალია ქრისტიან-დემოკრატებმა განაცხადეს, რომ არ დაესწრებოდნენ პარლამენტის პირველ სხდომას, მათ განაცხადეს, რომ საპარლამენტო მანდატებს არ დატოვებენ.
გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე დამოუკიდებელმა წევრმა (გია თორთლაძემ და გია ცაგარეიშვილმა) ასევე მიანიშნა, რომ ისინი შევლენ პარლამენტში, თუ არ იქნება ერთიანი ოპოზიციური ბოიკოტი. ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია ასევე ყოყმანობს პარლამენტში შესვლა-არ შესვლაზე. პარტია ”ჩვენ თვითონ” ლიდერმა პაატა დავითაიამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა ოპოზიციური კოალიცია, ასევე განაცხადა, რომ ის არ იტყოდა უარს დეპუტატის მანდატზე.
”სირცხვილი იმ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც შევლენ ამ პარლამენტში”, – განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს არ ჰყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და ახლა მას უკვე აღარ ჰყავს ლეგიტიმური პარლამენტი.
აქცია პარლამენტის სხდომის მოწვევიდან დაახლოებით ერთ საათში დაიშალა. თუმცა, დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს არ იყო ბრძოლის დასასრული.
”სააკაშვილს უნდოდა ბრძოლის გადატანა პარლამენტიდან ქუჩაში და ის მიიღებს ამ ბრძოლას ქუჩაში,” – განაცხადა მან, ”ეს იქნება ალტერნატიული [პოლიტიკური] ცენტრი… და ეს ცენტრი იქნება მთელ საქართველოში”.
”სააკაშვილის მონები ახლა პარლამენტის შიგნით არიან, ხოლო გარეთ ხალხის უფლებების დამცველები დგანან,” – დასძინა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ დაიწყება ოპოზიციასთან კონსულტაციები ზუსტი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით.