პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახლადარჩეულ პარლამენტს მიმართა და განაცხადა, რომ ერთიანობა ქვეყნის მთავარი ფასეულობაა.
პრეზიდენტი მიესალმა კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს; მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წევრებს, რომლებიც პირველ სხდომას ესწრებოდნენ.
”რაც მთავარია, მე მინდა მივესალმო ქართველ ხალხს, იმ ხალხს, რომლის თვალი დაგვტრიალებს მუდმივად და გვიყურებს, რომ შევასრულოთ ყველა ის დაპირება, რომელიც ჩვენ მივეცით მას,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თავის მიმართვაში.
მან ასევე ხაზი გაუსვა წინა პარლამენტის პოზიტიურ როლს და მადლობა გადაუხადა ყოფილ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს ”მის მიერ გაწეული ძალიან კარგი და ძალიან სასარგებლო საქმეებისთვის”.
მისი თქმით, ახალი მოწვევის პარლამენტს ”აკისრია ძალიან დიდი ფუნქცია” სიღარიბის დაძლევისა და ქვეყნის გამთლიანების, ”ისტორიული ამოცანების გადაწყვეტის” საქმეში.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველომ შეძლო გასული წლის შემოდგომაზე გადაელახა ”ურთულესი პოლიტიკური კრიზისი” დემოკრატიული კონსოლიდაციის ხარჯზე. მისი თქმით, მისი მხრიდან რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა განპირობებული იყო ახალი მანდატისა და ენერგიის მიღების სურვილით რეფორმების შემდგომი გაგრძლებისათვის და ერის კონსოლიდაციისათვის.
”მე მინდა მივმართო საქართველოში ყველა იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ მოგვცა ხმა, თქვენ მოგცათ ხმა და მისცა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს – როგორი პირადი წყენაც არ უნდა მოგვაყენოს ვინმემ, როგორი ცუდი სიტყვებიც, არასასურველი სიტყვებიც არ უნდა გვეძახონ, როგორი შეტევებიც არ უნდა განახორციელონ ჩვენზე, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამას ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ”ჩვენი მთავარი ფასეულობა არის საქართველოს ერთიანობა. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ხალხი, როგორი პოლიტიკური წარმომავლობისაც არ უნდა იყვნენ ისინი”.
”ჩვენ არა გვაქვს ფუფუნება, რომ საქართველო დავყოთ ზომიერებად და რადიკალებად, აგრესიულებად და ნაკლებად აგრესიულებად, ჩვენ არა გვაქვს ამის ფუფუნება,”- განაგრძო მან, ”ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ჩვენ თანამემამულეს გავუწოდოთ ხელი, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ჩვენი თანამემამულე გრძნობდეს, რომ ის არის წარმოდგენილი ქვეყნის მმართველობაში, ყველაზე პატარა ჯგუფიც კი გრძნობდეს, რომ მას აქვს საშუალება უფლება და ამას სჭირდება მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნა, წარმოდგენილი იყოს ქვეყნის მმართველობაში, წარმოდგენილი იქნეს ჩვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში”.
ამ მიმართვის პარალელურად, პარლამენტის წინ რამდენიმე ასული საქართველოს მოქალაქე იყო შეკრებილი ოპოზიციის მხარდასაჭერად და ახალი პარლამენტის მიმართ პროტესტის გამოსახატავად.
”ჩვენი მიზანია დავტოვოთ მმართველი პარტია ამ არალეგალურ პარლამენტში,”- განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ მიტინგზე გამოსვლისას, ”სირცხვილი იმ პარტიებსა და პოლიტიკოსებს, ვინც შევლენ პარლამენტში”.