სოლანა: ევროკავშირის სურვილია უფრო აქტიური ჩართვა აფხაზეთში

ევროკავშირის კომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ 6 ივნისს სოხუმში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს ”უფრო ღრმად ჩაერთოს” აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში.

აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას სოლანამ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ”ძალიან საინტერესო” და ”სიღრმისეული” საუბარი აფხაზეთის ხელისუფლებასთან  და მადლობა გადაუხადა, მისი თქმით, ”პრეზიდენტს” გაგებისთვის.

”ძალიან გვინდა, რომ დაგეხმაროთ,” – განაცხადა სოლანამ, ”თქვენ უკვე იცით, რომ არსებობს ფორმატები. დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება ფორმატები, სადაც ნებისმიერი მიიღებს მონაწილეობას კონსტრუქციული გზით. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ უფრო მეტად ჩავერთოთ, ჩვენ უკვე აქ ვართ… თუმცა, გვინდა რომ უფრო მეტად ვიყოთ აქ. ერთად ჩვენ დავძრავთ პროცესს ადგილიდან”.

სოლანამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთის მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში.

”ვერ ვხედავ კონფლიქტის მოგვარებას რუსეთის მონაწილეობის გარეშე,” – განაცხადა მან, ”რუსეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა და იმედი მაქვს, რომ ის კონსტრუქციული მოთამაშეც იქნება”.

მან ასევე განაცხადა, რომ ეს საკითხი განხილულ იქნება რუსეთი-ევროკავშირის სამიტზე თვის ბოლოს.

”ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს კონფლიქტი ორი მხარის მიერ უნდა მოგვარდეს,” – დასძინა სოლანამ.

იმავე პრესკონფერენციაზე სერგეი ბაღაფშმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სოხუმის პირობები თბილისთან მოლაპარაკებების განახლებისთვის უცვლელია.

”ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ დღესაც, ნებისმიერი კონტაქტის, მოლაპარაკებების წინააღმდეგნი არ ვართ მთავარი პირობის შესრულების შემთხვევაში – კოდორის ხეობიდან ჯარების გაყვანა და [ომის არ განახლების შესახებ] შეთანხმების ხელმოწერა,” – განაცხადა ბაღაფშმა, ”ნებისმიერ სხვა შემთხვევაში საუბარიც კი ზედმეტია რაიმე სახის კონტაქტებზე ერთი მარტივი მიზეზით – არ არის საჭირო შეხვედრა და შეთანხმების ხელმოწერა, რომლებიც მერე ირღვევა”.

მან ასევე დაადანაშაულა თბილისი ძირითადი შეთანხმებების დარღვევაში. ”აქ კი ჩნდება კითხვა, რისთვის შევხვდეთ, თუ შემდეგ შეთანხმებები ირღვევა,” – დასძინა ბაღაფშმა.

სამშვიდობო ოპერაციაზე საუბრისას აფხაზეთის ლიდერმა განაცხადა: ”ჩვენ ვუთხარით ბატონ სოლანას ამის შესახებ – რუსი სამშვიდობოები ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან მისიას აქ. არ არის საჭირო სამშვიდობო მისიით სპეკულირება არც საქართველოს და არც არავის მხრიდან. ისინი – რუსი სამშვიდობოები  – იყვნენ აფხაზეთში და დარჩებიან აქ”.

ხავიერ სოლანამ 5 ივნისს თბილისში განაცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობასთან განხილულ საკითხებს შორის იყო თბილისის სურვილი შეცვალოს აფხაზეთში რუსული სამშვიდობო ოპერაცია  საერთაშორისო საპოლიციო ძალებით. თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე დაძაბულობის შემცირება მთავარ მიზანს წარმოადგენს.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ”ნებისმიერი ცვლილება მისიის სტრუქტურაში მხარეებს შორის უნდა შეთანხმდეს”.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ისინი არ იქნებიან სამშვიდობო ფორმატის შეცვლის წინააღმდეგი, თუ ამაზე აფხაზური მხარეც დათანხმდება. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამგვარი ცვლილების კატეგორიული წინააღმდეგია. თბილისი აცხადებს, რომ სოხუმის პოზიციას ფაქტიურად რუსეთი განსაზღვრავს.

ბაღაფშმა ასევე განაცხადა სოხუმში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომ სოხუმი დაინტერესებულია ევროკავშირთან ეკონომიკურ თანამშრომლობაში.

”ჩვენ მზად ვართ ეკონომიკური ურთიერთობები განვიხილოთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან,” – განაცხადა მან, ”ევროკავშირი მოუახლოვდა ჩვენს საზღვრებს და ჩვენ დაინტერესებული ვართ საჰაერო და საზღვაო კავშირებში”.

Exit mobile version