პარტიის წარმომადგენელთა შეყვანამ საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ადმინისტრაციის ამ რგოლის საქმიანობა უფრო გამჭირვალე გახადა, განაცხადა ორმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ 6 ივნისს გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ მოხსენება გამოაქვეყნეს, რომელშიც შეაფასეს საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა 75-დან 40 საარჩევნო ოლქში.
”განსხვავებით 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისგან, საოლქო საარჩევნო კომისიები ძირითადად განიხილავდნენ ორივე სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ წარდგენილ [საარჩევნო] საჩივრებს; თუმცა, იგივე არ ითქმის სხვა საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით,” – ნათქვამია მოხსენებაში.
სულ, საარჩევნო სუბიექტებმა 537 საჩივარი წარადგინეს; მათგან 61 განხილვის გარეშე დარჩა; 61 საჩივართან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ხოლო 415 არ დაკმაყოფილდა, ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენება ასევე აღნიშნავს, რომ დაფიქსირდა იმ მოწმეთა ფიზიკური შეურაცხყოფის რამდენიმე შემთხვევაც, რომელთაც საარჩევნო დარღვევების შესახებ მისცეს ჩვენებები სასამართლო მოსმენებზე, კერძოდ გორის 48-ე ოლქში და მცხეთის მე-2 ოლქში მომხდარი დარღვევების თაობაზე.
ორივე სადამკვირვებლო ორგანიზაციას ჯერ გამოსაქვეყნებელი აქვს დასკვნები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.