რუსეთის რკინიგზის დეპარტამენტის 50-კაციანი ჯგუფი აფხაზეთში ჩავიდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი”.
ჯგუფი ოჩამჩირის რაიონში ორი სარკინიგზო ხიდის რეკონსტრუქციაზე იმუშავებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარკინიგზო ძალების დიდი ჯგუფი აფხაზეთში უფრო ადრე ჩავიდა სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის არსებული სარკინიგზო მონაკვეთის შეკეთების მიზნით, რამაც თბილისის გულისწყრომა გამოიწვია. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ეს შენაერთი 400 კაცისგან შედგება. რუსეთის თქმით, ისინი შეუიარაღებელნი არიან, ხოლო თავად ღონისძიება ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურება და არაფერი აქვს საერთო სამხედრო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან, როგორც ამას თბილისი აცხადებს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 5 ივნისს, რომ აფხაზეთში ”სამხედრო ინფრასტრუქტურის” მშენებლობა თბილისის იმ პირობებს შორისაა, რომელთა დაყენებასაც ის სანკტ-პეტერბურგში თავის რუს კოლეგასთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე აპირებს. კიდევ ორი პირობა, რომელთა დაყენებასაც ის ამ შეხვედრაზე აპირებს არის დამატებითი ძალების გაყვანა აფხაზეთიდან და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების თაობაზე 16 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება.