აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 5 ივნისს განაცხადა, რომ სოხუმის პოზიცია თბილისთან მოლაპარაკებების აღდგენის პირობებთან დაკავშირებით უცვლელია.
ბაღაფშმა ეს პოზიცია საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისართან ხავიერ სოლანასთან დაგეგმილი შეხვედრის წინ გაახმოვანა, რომელიც 6 ივნისს სოხუმში გაიმართება. აფხაზეთის ლიდერის ეს განცხადება ასევე მოჰყვა იმ კრიტიკას, რომელიც გავლენიანმა აფხაზურმა ჯგუფმა სოხუმის საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ გამოთქვა.
”მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მაღალი რანგის ევროპელი წარმომადგენელი [ხავიერ სოლანა] ეწვევა აფხაზეთს, ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი პოზიციის შეცვლას მოლაპარაკებების განახლებაზე,” – იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით, ”მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო: მთავარი პირობა მოლაპარაკებების განახლებისთვის არის ყველა ქართული სამხედრო შენაერთის გამოყვანა ზემო კოდორის ხეობიდან… და საქართველოს მიერ საომარი მოქმედებების განუახლებლობის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა”.
ქართული მხარის განცხადებით, მას მხოლოდ საპოლიციო ძალები ჰყავს ზემო კოდორის ხეობაში. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თბილისი არ მოაწერს ხელს შეთანხმებას ძალის არგამოყენების თაობაზე, სანამ არ დაიწყება დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აფხაზეთში დაბრუნება.
სერგეი ბაღაფშმა ასევე გაიმეორა სოხუმის პოზიცია რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არსებულ ფორმატს ”ალტერნატივა არ გააჩნია”.
”მათი [რუსი სამშვიდობოების] შეცვლის საკითხი არც იქნება განხილული ვინმესთან,” – განაცხადა ბაღაფშმა.
ხავიერ სოლანამ 5 ივნისს თბილისში განაცხადა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობასთან განხილულ საკითხებს შორის არის თბილისის სურვილი შეცვალოს რუსული სამშვიდობო ოპერაცია აფხაზეთში საერთაშორისო საპოლიციო ძალებით. თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ დაძაბულობის შემცირება ამ ეტაპზე მთავარ მიზანს წარმოადგენს.
ამასობაში, აფხაზეთის ხელმძღვანელობის საგარეო პოლიტიკა აფხაზეთის გავლენიანი ორგანიზაციის ”არუაა”-ს კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ამ ორგანიზაციაში ძირითადად 90-იანი წლების კონფლიქტში მონაწილე ვეტერანები შედიან.
ორგანიზაციამ, რომელმაც მიმდინარე კვირას სოხუმში ყრილობა გამართა, განაცხადა 4 ივნისს, რომ აფხაზეთის ხელისუფლების ”მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა” ძირს უთხრის სოხუმის სასიცოცხლო ინტერესს, რომ ახლო ურთიერთობები დაამყაროს მოსკოვთან.
”არუაა”-ს თავმჯდომარის მოადგილემ ვადიმ სმირმა ყრილობაზე განაცხადა, რომ სოხუმმა მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს არა მხოლოდ თბილისთან, არამედ მის დასავლელ მოკავშირეებთან მიმართებაშიც.
”მიუხედავად იმ პირობისა, რომ არ გამართავენ მოლაპარაკებებს, აფხაზეთის ხელისუფლება იღებს საქართველოს ელჩს გაეროში ირაკლი ალასანიას; აწარმოებენ მოლაპარაკებებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან მეთიუ ბრაიზასთან; ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან და ახლა მზად არიან შეხვდნენ ევროკავშირის კომისარს ხავიერ სოლანას,” – იტყობინება ”აფსნიპრესი” სმირის სიტყვებზე დაყრდნობით, ”მხოლოდ რუსეთთან ძლიერ კავშირებს შუეძლია უზრუნველყოს ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტია”.
თუმცა, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ორგანიზაციის კრიტიკა უსაფუძვლოა. ”ჩვენ არასდროს გაგვიკეთებია რაიმე განცხადება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ჩვენს გულწრფელ განზრახვას განსაკუთრებულებული ურთიერთობები გვქონდეს რუსეთთან,” – განაცხადა შამბამ, ”ჩვენ კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ რაიმე ცვლილებისა არსებულ მოლაპარაკების და სამშვიდობო ფორმატებში”.
ბოლო კვირა გამოირჩეოდა დაძაბულობის განმუხტვისკენ მიმართული დასავლეთის აქტიური დიპლომატიური მცდელობებით. ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა საქართველოს საკითხი მიმდინარე კვირას მოსკოვში ვიზიტის დროს დააყენა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა ასევე ეწვია მოსკოვს ამ კვირაში და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზეც იმსჯელა.
პრეზიდენტი სააკაშვილი 6 ივნისს სანკტ-პეტერბურგში მიემგზავრება, სადაც ის თავის რუს კოლეგას დიმიტრი მედვედევს შეხვდება დსთ-ს ლიდერმა არაფორმალური სამიტის და ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.
იგივე ტენდენცია მომდევნო კვირასაც შენარჩუნდება, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თავის ევროპულ ტურნეს დაიწყებს. აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტეფან ჰედლიმ განაცხადა, რომ საქართველოს საკითხი სლოვენიაში აშშ-ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი თემა იქნება.