ქრისტიან-დემოკრატები პარლამენტის ბოიკოტის წინააღმდეგ გამოდიან

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ იგი ახლადარჩეული პარლამენტის ბოიკოტირების წინააღმდეგია.

”ჩვენ არ ვაპირებთ უარი ვთქვათ ჩვენს მანდატებზე; მაგრამ როდის და როგორ შევალთ პარლამენტში, ამის შესახებ განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებთ,” – განაცხადა თარგამაძემ პოლიტიკურ თოქშოუში Primetime 5 ივნისს.

”პარლამენტის ბოიკოტირება უაზრობაა როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით,” – განაცხადა თარგამაძემ, ”საქართველოში ფაქტიურად ტოტალიტარული რეჟიმია, მაგრამ ეს პარლამენტი მასში შემავალი ოპოზიციური დეპუტატებით არის უკანასკნელი კუნძული დემოკრატიული რესურსისა, რადგანაც ასეთი რესურსი აღარ არის არც ქუჩაში, არც ტელევიზიებში”.

ქრისტიან-დემოკრატების ამგვარი პოზიცია, რომელმაც ექვსი მანდატი მოიპოვა ახალ პარლამენტში, სავსებით მოსალოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე პარტია თავს იკავებდა ამ საკითხზე ნათელი პოზიციის დაფიქსირებისგან.

ბოლო დღეებში რამდენიმე ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა კრიტიკული განცხადებები გააკეთა ქრისტიან-დემოკრატების მისამართით მათი დაყოვნების გამო. მათი თქმით, პარტიის შესაძლო გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის სასარგებლოდ კიდევ უფრო გაამყარებდა ვარაუდებს მათი ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შესახებ. გიორგი თარგამაძეს რამდენჯერმე მოუხდა ამგვარი ხმების კატეგორიული უარყოფა. მისი თქმით, ეს უსაფუძვლო ვარაუდები მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა გაავრცელეს.

თარგამაძემ 5 ივნისს ასევე განაცხადა, რომ მისი პარტია ”ალბათ არ შეუერთდება” 8 ივნისს პარლამენტის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციას. ”არ მესმის რა მიზანს ემსახურება ეს საპროტესტო აქცია,” – განაცხადა მან.

მან რესპუბლიკური პარტიის მსგავსი განცხადებები გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით. რესპუბლიკურმა პარტიამ 3 ივნისს განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ პარლამენტის პიკეტირებას და დეპუტატების შენობაში არშეშვებას ხელისუფლება გამოიყენებს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გასამართებლად, რასაც შემდეგ მოყვება რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ. რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელმაც ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი, განაცხადა, რომ იზიარებს პარლამენტის ბოიკოტირების იდეას.

როგორც ჩანს, თავად რვა პარტიის ოპოზიციური კოალიციის შიგნითაც არ არსებობს ერთიანი პოზიცია პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით.

ოპოზიციური კოალიციის ორმა დამოუკიდებელმა წევრმა – გია ცაგარეიშვილმა და გია თორთლაძემ – განაცხადა, რომ ისინი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ”ინდივიდუალურად” მიიღებენ. ამით მათ მიანიშნეს, რომ უსიტყვოდ არ დაემორჩილებიან კოალიციის გადაწყვეტილებას. ცაგარეიშვილმა 5 ივნისს ისიც კი განაცხადა, ქრისტიან-დემოკრატების საჯარო განცხადებამდე, რომ ბოიკოტი მხოლოდ მაშინ იმუშავებს, თუ მას ყველა ოპოზიციური პარტია შეუერთდება.

რვა პარტიის ოპოზიციურმა კოალიციამ მხარდამჭერებს 8 ივნისს 22:00 საათზე პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდა.

”ჩვენ ვგეგმავთ მშვიდობიან საპროტესტო აქციას იმ დროს, როდესაც ეს უკანონო პარლამენტი და უკანონოდ არჩეული დეპუტატები პირველი სხდომის მოწვევას გეგმავენ,” – განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ 5 ივნისს, ”ჩვენ ვაპირებთ პარლამენტის წინ გათენებას, რათა მომდევნო დილას პარლამენტის შესასვლელთან დავხვდეთ ამ უკანონო დეპუტატებს,” – დასძინა გამყრელიძემ, თუმცა ოპოზიციის მომავალ გეგმებზე არაფერი უთქვამს.

ამის სანაცვლოდ მან განაცხადა, რომ ოპოზიცია ჯერ კიდევ განიხილავს შემდგომ ნაბიჯებს. მან ასევე არაფერი თქვა ახლადარჩეული დეპუტატების პარლამენტში არშეშვების გეგმებზე, რის გაკეთებითაც ოპოზიცია რამდენიმე დღის წინ იმუქრებოდა.

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოფიციალურად ჯერ არ დანიშნულა. თუმცა, ოპოზიციამ განაცხადა, რომ მათ საპროტესტო აქციის გამართვა იმიტომ დაგეგმეს 8 ივნისს საღამოს, რომ აქვთ ინფორმაცია, რომ პირველი სხდომა 9 ივნისს დაინიშნება. თუმცა შესაძლოა პირველი სესია 10 ივნისს გაიმართოს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 20 დღის ვადაში – 10 ივნისი ბოლო დღეა. პირველი სხდომა პრეზიდენტმა უნდა მოიწვიოს.

Exit mobile version