პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამი პირობა დაასახელა, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც რუსეთთან არსებული დაძაბულობა შესაძლოა განიმუხტოს.
”ჩვენ მზად ვართ რუსეთს ჩვენი მეგობრული ხელი გავუწოდოთ,” – განაცხადა მან 5 ივნისს, სანკტ-პეტერბურგში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, სადაც ის თავის რუს კოლეგას დიმიტრი მედვედევს შეხვდება ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.
”ჩვენი პირობები არის ძალიან ნათელი: უკანონოდ განლაგებული [რუსული] სამხედრო ნაწილები უნდა გამოვიდნენ; სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაუყონებლივ უნდა შეწყდეს; [რუსეთის პრეზიდენტის] 16 აპრილის უკანონო განკარგულების განხორციელება დაუყონებლივ უნდა შეწყდეს,”- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მოსკოვის 16 აპრილს გადაწყვეტილება ოფიციალური ურიერთობები დაამყაროს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მთლიანად ანგრევს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ და ცივი ომის შემდგომ არსებულ წესრიგს ევროპაში.
სააკაშვილმა ეს განცხადება 5 ივნისს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისართან ხავიერ სოლანასთან ბობოყვათის რეზიდენციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
სოლანა 6 ივნისს სოხუმში ჩავა და დე ფაქტო ხელისუფლებასთან გამართავს მოლაპარაკებებს.
”ჩვენ გვინდა ევროპის მონაწილეობა ამ კონფლიქტების მოგვარებაში,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენ როგორც არასდროს გვჭირდება ევროპის ცივილიზებული მიდგომა ამ საკითხების მოგვარების მიზნით”.
”საქართველო ღიაა, რათა მოინახოს მე-20 საუკუნის კონფლიქტების 21-ე საუკუნის მოგვარება, ნაცვლად მე-19 საუკუნის სასტიკი მოგვარებისა, რომელსაც ახლა თავს გვახვევენ,” – დასძინა მან.