ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 4 ივნისს 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები შეაჯამა, რომლის მიხედვითაც ნაციონალურმა მოძრაობამ 119 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოპოზიციამ ჯამში 31 მანდატი მიიღო 150 წევრიან პარლამენტში.
საბოლოო ოფიციალური მონაცემებით საარჩევნო სუბიექტებს შორის ხმები პროპორციულად ასე გადანაწილდა:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსათვის – 59.18% (1 050 237 ხმა);
გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები) – 17.73% (314 668 ხმა);
გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები – 8.66% (153 634 ხმა);
შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 7.44% (132 092 ხმა);
საქართველოს რესპუბლიკური პარტია – 3.78% (67 037 ხმა);
ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი (ქდა)– 0.89% (15 839 ხმა);
საარჩევნო ბლოკი მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე–მრეწველები – 0.93% (16 440 ხმა);
ბლოკი ტრადიციონალისტები – ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია – 0.44% (7 880 ხმა);
ქართული პოლიტიკა – 0.46% (8 231 ხმა);
საქართველოს სპორტსმენთა კავშირი – 0.19% (3 308 ხმა);
სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია – 0.18% (3 180 ხმა);
ჩვენი ქვეყანა – 0.12% (2 101 ხმა).
ამ შედეგების საფუძველზე პროპორციული წესით ნაციონალურმა მოძრაობამ 48 დეპუტატი, ხოლო დანარჩენმა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთაც 5%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს, მანდატები შემდეგი რაოდენობით მიიღეს: 15 – გაერთიანებული ოპოზიცია; 6- გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები; და 6 – ლეიბორისტული პარტია.
იმადროულად, უცვლელი დარჩა წინასწარი მონაცემებით გამოცხადებული მაჟორიტარული მანდატების გადანაწილება. მაჟორიტარულ არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ 71 დეპუტატი, ხოლო 2-2 გაერთიანებულმა ოპოზიციამ (ვაკეში – დავით გამყრელიძე და დიდუბეში – დავით საგანელიძე ახალი მემარჯვნეებიდან) და რესპუბლიკურმა პარტიამ (ცაგერში – კარლო კოპალიანი და ყაზბეგში – რომან მარსაგიშვილი) გაიყვანეს.
შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 465 736 შეადგენდა, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 850 407-მა ამომრჩეველმა, ბათილად კი 56 077 ბიულეტენი იქნა მიჩნეული.
შემაჯამებელ ოქმი კენჭისყრის გარეშე მიიღება და ახალი წესის მიხედვით, ხელს აწერს მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი და მდივანი გიზო მჭედლიძე.
თუმცა ცესკოს ექვსმა ოპოზიციურმა წევრმა ოქმს საკუთარი პოზიცია დაურთეს, სადაც ნათქვამია, რომ არ ეთანხმებიან არჩევნების შემაჯამებელ ოქმის შედეგებს, რადგან მასში ასახულია იმ უბნების შედეგებიც, რომელთა გაუქმების შესახებ მოთხოვნა ცესკომ არ დააკმაყოფილა.
”იმის გამო, რომ წინასაარჩევნო კამპანია მთელი რიგი დარღვევებით წარიმართა, ასევე არჩევნების პროცესი და მთავარი – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა არც ერთი სარჩელი, რასაც უნდა მოჰყოლოდა გარკვეული უბნების შედეგების გაბათილება და მოხდა ამ უბნების შედეგების შეტანა ამ შემაჯამებელ ოქმში, ცესკოს ეს ოქმი არ უნდა მიეღო,”- განუცხადა Civil.ge-ს ცესკოს წევრმა კონსერვატიული პარტიიდან ნინო გოგუაძემ.
კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში ანუ 10 ივნისს. პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.
ცესკოს განცხადებით, დეპუტატობის არცერთ კანდიდატს, რომელმაც ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნა წარადგინა, მათ შორის არც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს პრობლემები არ შეექმნება საპარლამენტო მანდატის მიღებაში.
გაერთიანებული ოპოზიცია და ლეიბორისტები აცხადებენ, რომ ისინი უარს იტყვიან საპარლამენტო მანდატებზე მაშინ, როცა ქრისტიან-დემოკრატებს ახალი პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.