სააკაშვილმა და მედვედევმა სატელეფონო საუბარი გამართეს

დღეს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა მიხეილ სააკაშვილმა და დიმიტრი მედვედევმა სატელეფონო საუბარში თვითგამოცხადებულ აფხაზეთში რუსული სარკინიგზო ძალების შეყვანის ფაქტი განიხილეს, იტყობინება  კრემლის პრესსამსახური.

რუსეთმა შეუიარაღებელი სარკინიგზო ჯარები ”ჰუმანიტარული” მოტივით შეიყვანა აფხაზეთში რკინიგზის რეაბილიტაციის მიზნით. თბილისმა ეს შეუთანხმებელი ნაბიჯი დაგმო და ინტერვენციის დასაწყისად შეაფასა.

”ამასთან დაკავშირებით საჭირო განმარტებები გაკეთდა,”- აცხადებს კრემლის პრესსამსახური, ”სახელმწიფოს მეთაურები შეთანხმდნენ განაგრძონ ამ და სხვა საკითხების განხილვა, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ეხება, და ასევე რუსულ-ქართული თანამშრომლობის კონკრეტული საკითხების განხილვა სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრაზე”.

სააკაშვილისა და მედვედევის შეხვედრა 6-7 ივნისს იგეგმება.

Exit mobile version