მმართველი პარტიის საარჩევნო სიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ არცერთი იმ საარჩევნო ოლქის შედეგი არ გაუქმდება, სადაც დარღვევები არ ყოფილა და ეს თემა ვერ გახდება ოპოზიციასთან პოლიტიკური ვაჭრობის საგანი.
მან ეს განცხადება გააკეთა ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძისა და ლეიბორისტი ლიდერის შალვა ნათელაშვილის შეთავაზებების საპასუხოდ.
2 ივნისს დავით გამყრელიძემ, მისი თქმით, ოპოზიციურ კოალიციასთან შეუთანხმებლად განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ”ტოტალურად გაყალბებულ” ოლქებში – ”ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ახალციხეში, მარნეულში და ა.შ” – შედეგებს გააუქმებს, ოპოზიციამ შეიძლება ბოიკოტი გადაიფიქროს და დაუბრუნდეს საპარლამენტო ბრძოლის ფორმებს.
ასეთ შემთხვევაში, გამყრელიძის ვარაუდით, მმართველი პარტიის მანდატების რაოდენობა 100-მდე შემცირდება ოპოზიციის 60 დეპუტატამდე გაზრდის ხარჯზე და შედეგად 150-წევრიან პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობას აღარ ეყოლება დღევანდელი მონაცემებით არსებული 120-დეპუტატიანი საკონსტიტუციო უმრავლესობა.
”ეს იქნება გარანტი იმისა, რომ კონსტიტუცია მაინც ვერ შეიცვლება ერთი პარტიის და მისი ლიდერის სურვილის მიხედვით, ეს იქნება გარანტია, რომ ამ ქვეყანაში ბიუჯეტი და საბიუჯეტო პროცესი გახდება უფრო გამჭვირვალე და ეს იქნება გარანტი, რომ მედიას მეტი გარანტიები ექნება თავისუფლად მუშაობის; ეს იმას ნიშნავს, რომ გაჩნდება გარკვეული გარანტიები თავისუფალი სასამართლოს ჩამოყალიბების და მომავალში თავისუფალი არჩევნების ჩატარებისა,”- განაცხადა დავით გამყრელიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან კომპრომისის შემთხვევაში, ის შეეცდება ოპოზიციონერი პარტნიორების დარწმუნებას, რომ ”არ ღირს ბრძოლის პარლამენტს გარეთ გადატანა”.
ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. თუმცა მან განაცხადა, რომ მოითხოვს საერთოდ არ იქნას დამტკიცებული არჩევნების შედეგები, რისთვისაც ”ერთი ზარია საჭირო” საარჩევნო ადმინისტრაციაში. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, ლეიბორისტული პარტია ”რა თქმა უნდა” შევა პარლამენტში.
თუმცა მმართველმა პარტიამ უარყო ეს შეთავაზებები.
”არცერთი ოლქი, სადაც არ მომხდარა დარღვევები არ გაუქმდება და ოლქის გაუქმება-არ გაუქმება არ წარმოადგენს პოლიტიკური ვაჭრობის საგანს,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ ოპოზიციის საპასუხოდ, ”ამას წყვეტს საარჩევნო კომისია და თუ ამ ოლქში არ არსებობს შესაბამისი დარღვევა, ბუნებრივია ოლქის გაუქმება ვერ გახდება ვაჭრობის საგანი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ამომრჩევლების ხმებზე…. ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ პოლიტიკური გარიგების გამო ამ ადამიანებს დავაკარგვინოთ ხმის უფლება”.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები – გაერთიანებული ოპოზიცია და ლეიბორისტული პარტია აცხადებს, რომ ისინი ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციას პირველი სხდომის ჩატარებაში, რომელიც მაქსიმუმ 10 ივნისს უნდა შედგეს, ხელს შეუშლიან. მათი მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნების დანიშვნა. მესამე პარტიას – გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატები, რომელმაც ასევე გადალახა 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს შეუერთდება თუ არა დანარჩენი ოპოზიციის ბოიკოტს.
იმავდროულად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა, რომელთაც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს, დეპუტატობის მანდატების მისაღებად საჭირო ნარკოლოგიური შემოწმება უკვე გაიარეს. მათი განცხადებით, ისინი ამ აუცილებელ პროცედურას არ გაურბიან, თუმცა მანდატებზე უარს იტყვიან.
ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარის თქმა, კანონმდებლობის მიხედვით, არის დეპუტატობაზე უარის თქმის ერთ-ერთი გზა. თუმცა სამართლებრივად, ოპოზიციას მანდატების დატოვება მას შემდეგაც შეუძლია, რაც ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე შეკრებაზე მათი უფლებამოსილების ცნობა ავტომატურად მოხდება.
ცოტა ხნის წინ მედიაში გაჩნდა ვარაუდები გაერთიანებული ოპოზიციის შიგნით უთანხმოებასთან დაკავშირებით.
პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის სუბიექტია, გაზეთ ”ვერსიასთან” 2 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, ”გაერთიანებული ოპოზიციის პროექტი – არჩევნებში ერთიანი სიით გასვლა, დასრულებულია”.
”ამიტომ ახლა ყველა, რა თქმა უნდა, გადასინჯავს [ოპოზიციურ ბლოკში] თავის ყოფნა-არყოფნის საკითხს და მიიღებს საჭირო გადაწვეტილებას,”- განაცხადა გამსახურდიამ. კითხვაზე, ხომ არ გულისხმობს ის ამაში, რომ საბჭოს დატოვებას გეგმავს, მან უპასუხა: ”ამაზე განცხადების გაკეთებისაგან თავს შევიკავებ”.
მან ასევე განაცხადა: ”გადავწყვიტე პარლამენტში არ შევიდე, თუმცა ჩემი გზა ინდივიდუალურია და თავად გადავწყვეტ ეს მანდატი როდის გავაუქმო”.
იმავე გაზეთთან ინტერვიუში კონსერვატორმა კახა კუკავამ გაერთიანებული ოპოზიციიდან აღიარა, რომ ბოიკოტთან დაკავშირებით ბლოკის ზოგიერთ პარტიას მერყევი პოზიცია ჰქონდა.
იმავდროულად, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ გააფრთხილა, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს ვინმემ ახალი პარლამენტის საქმიანობის ბლოკირება მოახდინოს.
”იმ პირთა მიმართ, ვინც პარლამენტის ბლოკირებას შეეცდებიან, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება,”- განაცხადა მან ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, ”თუ ჩაიდენენ იმ დონის დანაშაულს, რომ აღმკვეთი ღონისძიების გატარება გახდება საჭირო, მათ დააკავებენ. საჭირო იქნება ძალის გამოყენება? – სახელმწიფო ძალას გამოიყენებს და ასეთ ადამიანებს დააკავებენ. ვსარგებლობ თქვენი გაზეთის შესაძლებლობით და ამას ვაუწყებ თქვენს მრავალრიცხოვან მკითხველსაც და იმ პირთაც რომელთაც, შესაძლოა, ასეთი აზრები გაუჩნდეთ”.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე გააფრთხილა, რომ ხელისუფლება ძლიერია ისე, როგორც არასდროს და მისთვის პრობლემების შექმნის ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს. ”ხელისუფლება არის ძალიან ძლიერი, მაგრამ არ უნდა გადავიდეთ იმ ზღვარს, რომლის იქითაც პრობლემა ექნება მთლიანად ჩვენ ქვეყანას,”- განაცხადა მან 30 მაისს.
კანონმდებლობის მიხედვით, ახალი პარლამენტი პირველად მაქსიმუმ 10 ივნისს უნდა შეიკრიბოს მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია არაუგვიანეს 8 ივნისისა არჩევნების ოფიციალურ შედეგებს დაამტკიცებს.