ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე, რომელიც რვა ოპოზიციური პარტიის გაერთიანების წევრია, მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს ”ტერორი” ოპოზიციის მხარდამჭერებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამყრელიძის თქმით, შესაძლოა ამას ”ხალხის მხრიდან საპასუხო ქმედება მოჰყვეს”.
ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ოპოზიციონერ აქტივისტს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უცნობი ნიღბიანები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამყრელიძემ 1 ივნისს გორში მომხდარი მორიგი შემთხვევა დაასახელა, როცა მისი თქმით, ასევე ნიღბიანები თავს დაესხნენ გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი მაჟორიტარი კანდიდატის გიორგი მოსიძის საარჩევნო შტაბის უფროსს.
”ამან უკვე მასობრივი ტერორის სახე მიიღო,”- განაცხადა გამყრელიძემ, ”რა თქმა უნდა, ეს იმართება ხელისუფლების მიერ ეს იმართება სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის მიერ და ეს არის ორგანიზებული სოდ-ში და კუდ-ში არსებული გასაიდუმლოებული სპეცბრიგადების მიერ”.
გამყრელიძემ მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტების აღკვეთისკენ.
”ტერორს შესაძლოა მოჰყვეს საპასუხო ტერორი და ამ შემთხვევაში შესაძლოა პროცესები გავიდეს ოპოზიციის, ოპოზიციური ლიდერების კონტროლიდან და ხალხმა თავად გასცეს პასუხი ასეთ ხელისუფლებას, მოძალადეს ტერორისტულ ხელისუფლებას,”- განაცხადა მან.