პუტინი საგაზეთო ინტერვიუში საქართველოზე საუბრობს

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივა აფხაზეთზე ”სწორი გეგმაა”, თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მისი განხორციელებისათვის აფხაზური მხარის თანხმობაცაა საჭირო.

ფრანგულ გაზეთ  Le Monde-თვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 31 მაისს გამოქვეყნდა, პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მისი პირადი წვლილია გალის რაიონში 55 ათასი  დევნილის დაბრუნებაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის თემას ხშირად იყენებს შიდა მოხმარებისთვის, განსაკუთრებით კი საარჩევნო პერიოდში.

ქვემოთ მოცემულია ინტერვიუდან ის ამონარიდები, სადაც პუტინი საქართველოზე საუბრობს. ტექსტის რუსული ვერსია საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შეკითხვა: კითხვა ეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. რუსეთი არ აღიარებს ამ ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობას, მაგრამ რუსეთი აძლიერებს მათზე კონტროლს. საბოლოო ჯამში სტატუს-კვო? არ გაწყობთ ის სიტუაცია, როგორიც ამჟამად არის?

პუტინი: თქვენ თქვით ”სეპარატისტული”? რატომ არ ამბობთ იგივეს კოსოვოსთან მიმართებაში? არ გსურთ პასუხის გაცემა? თქვენ არ გაქვთ პასუხი. და არც შეიძლება გქონდეთ.

შეკითხვა: აფხაზეთიდან ბევრი ქართველი ლტოლვილი იყო. იქ სულ საწინააღმდეგო სიტუაციაა.

პუტინი: არა, არ არის სხვაგვარი. ათასობით სერბს არ შეუძლია კოსოვოში დაბრუნება. ასეულობით ათასს. იგივეა. სად ნახეთ კოსოვოში ლტოლვილების დაბრუნება?

აძევებენ უკანასკნელ სერბებს იქიდან. არაფერი მსგავსი არ ხდება. არ არის საჭირო. მე ვიცი იქ რეალური სიტუაცია. იქ ლტოლვილები ვერ დაბრუნდებიან. და თქვენ არ შეგიძლიათ მათ მისცეთ ამ ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ცივილიზებული ცხოვრების გარანტია. ასეთი რამ არ არსებობს. არ არის მართალი. ესე იგი, ზუსტად იგივეა.

რაც შეეხება იმას, რომ იყო ქართული მოსახლეობის გამოსვლა, დიახ, ეს მართალია. მაგრამ 55 ათასი ქართველი უკვე დაბრუნდა აფხაზეთის გალის რაიონში. შესაძლებელი იყო ამ პროცესის გაგრძელება, თბილისის მხრიდან ძალისმიერი ზეწოლა რომ არ ყოფილიყო. 

იცით, რომ ჯერ კიდევ 1919 წელს, როცა მოხდა სოციალისტური ე.წ. რევოლუცია, ან როგორც ახლა ამბობენ, გადატრიალება, საქართველო ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. იგივე ოსეთმა განაცხადა, რომ არ სურს საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა, და რომ სურს რუსეთის ფედერაციასთან დარჩენა. და საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა რამდენიმე სადამსჯელო ექსპედიცია, რომელსაც ოსები დღემდე ეძახიან განადგურებას და წმენდას. 

ამ კონფლიქტებს უძველესი და ღრმა ხასიათი აქვთ. და იმისთვის რომ პრობლემები გადაწყდეს, აუცილებელია მოთმინება და კავკასიის ამ მცირე ხალხების პატივისცემა და არა ძალოვანი ზეწოლა.

აი ახლა ლაპარაკობენ – ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, რომ რუსული სისტემების დახმარებით ჩამოგდებული იქნა რამდენიმე ქართული უპილოტო საფრენი აპარატი აფხაზეთის თავზე. მაგრამ რატომ არავინ არ ამბობს, რომ არსებული შეთანხმება კრძალავს ფრენებს ამ კონფლიქტური ტერიტორიის თავზე? 

რას წარმოადგენს ამ საფრენი აპარატების ფრენა? ეს დაზვერვაა. რისთვის ტარდება დაზვერვა? საომარი მოქმედებების უზრუნველსაყოფად. ესე იგი რა გამოდის? ერთ-ერთი მხარე ემზადება სისხლისღვრის განსაახლებლად? ჩვენ განა ეს გვინდა? ეს არავის არ უნდა. და იმისთვის რომ ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში იცხოვრონ და განსაკუთრებით, რომ მცირე ხალხებმა ეს მოინდომონ, მათთან დიალოგის აწყობაა საჭირო. ამისკენ მოვუწოდებთ ყოველთვის ჩვენს ქართველ პარტნიორებს. და არა ძალოვანი ზეწოლისკენ…

…ე.ი. აფხაზეთში ცხოვრობს გარკვეული რაოდენობა და სამხრეთ ოსეთშიც… ოსები საერთოდ აღმოჩნდნენ მთებით გაყოფილები სამხრეთ ოსეთად და ჩრდილოეთ ოსეთად. მაგრამ ეს ერთი და იგივე ხალხია. ნაწილი აღმოჩნდა ჩრდილოეთში – რუსეთში, ნაწილი კი – საქართველოში. საჭიროა ნორმალური მშვიდობიანი დიალოგის დამყარება.

შეკითხვა: პრეზიდენტმა სააკაშვილმა აფხაზეთის სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა, რომელიც მოიცავს უპრეცედენტო ავტონომიას  – ეს ციტატაა და ასევე ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ერთი აფხაზისთვის საქართველოს სახელმწიფოში. და კონსულტაციების უფლებას ყველა სამართლებრივი რეფორმის დროს. ეს მისაღებია თქვენთვის?

პუტინი: ეს, პირველ რიგში, აფხაზებისთვის უნდა იყოს მისაღები.

საიდან დაიწყო ეთნიკური კონფლიქტი? საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ თბილისში მიიღეს გადაწყვეტილება და გააუქმეს ამ რესპუბლიკების ავტონომიური სტატუსი. ვინ უბიძგებდა მათ აქეთკენ? ვინ უბიძგებდა ამისკენ? და მაშინვე დაიწყო ეთნიკური კონფლიქტი, დაიწყო ომი. ახლა ისინი ამბობენ: არა, ჩვენ მზად ვართ ამას ხელახლა დავუბრუნდეთ. ჩვენ მოგანიჭებთ ავტონომიურ სტატუსს, რომელიც ჩვენვე წაგართვით რამდენიმე წლის წინათ. როგორც ჩანს, აფხაზები აღარ ენდობიან ამას. ისინი ფიქრობენ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მათ კვლავ რაღაცას წაართმევენ.

საჭიროა მოთმინებით აღვსება, საჭიროა დიალოგის დალაგება. ჩვენ ხომ დავუჭირეთ მხარი ამ 55 ათასი ქართველი დევნილის დაბრუნებას, ვიზეც თქვენ საუბრობდით, აფხაზეთის გალის რაიონში. ეს ხომ რეალურად ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ დავითანხმეთ აფხაზები მათ შეშვებაზე და იქ მათთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნაზე. რუსეთმა ეს თხოვა აფხაზეთის ხელმძღვანელობას. მე პირდაპირ გეუბნევით, არაფერი მაქვს სასირცხვილო. მე პირადად ვაკეთებდი ამას. მე ვთხოვე აფხაზეთის ხელმძღვანელობას და მათ ეს გააკეთეს. და ჩვენ შევიმუშავეთ ერთობლივი მუშაობის მთელი გეგმა, ენერგეტიკის განვითარება, სასაზღვრო თანამშრომლობა, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რკინიგზის აღდგენა გადავწყვიტეთ. მერე ყველაფერი ეს გაჩერდა და კვლავ ძალისმიერი აქციები დაიწყო. იმიტომ, რომ არჩევნებია წინ, იმიტომ რომ უნდა დაანახონ, როგორი მაგრები არიან, რომ ყველაფერს გადაწყვეტენ. ასეთი რაღაცეები, რაც ასწლეულებს გასდევს, არ შეიძლება მოარგო შიდაპოლიტიკურ კალენდარს. არაფერი კარგი აქედან არ გამოვა. 

დიახ, მე ძალიანაც ვიმედოვნებ, რომ გეგმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა, ნელ-ნელა მაინც ამუშავდება იმიტომ, რომ საერთო ჯამში, ეს სწორი გეგმაა. მაგრამ საჭიროა, რომ საპირისპირო, სხვა მხარეც დაეთანხმოს ამას. საჭიროა დიალოგის გამართვა.

Exit mobile version