რუსეთი თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზებისგან ყურადღების გადატანას ცდილობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ”უაზრობაა” 20 აპრილს ინციდენტის განხილვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აფხაზური მხარის მონაწილეობის გარეშე.

”ის ფაქტი, რომ მათ [აფხაზურ მხარეს] უარი უთხრეს განხილვაში მონაწილეობაზე, მიანიშნებს იმაზე, რომ არც თუ ისე სუფთა ჩანაფიქრს აქვს ადგილი,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” 30 მაისს ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.

”კრიზისის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქართული მხარე უხეშად არღვევს მის ვალდებულებებს. [20 აპრილის ინციდენტი] ერთადერთი შემთხვევა არ იყო; შვიდი უპილოტო თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული და კიდევ უფრო მეტი დაფრინავდა კონფლიქტის ზონის თავზე, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით არ უნდა იყოს სამხედო მოქმედებების ზონა,” – განაცხადა ლავროვმა. 

გაეროს დამკვირვებელთა მისიის მიერ წარმოებული გამოძიების დასკვნაში ნათქვამია, რომ ქართული უპილოტო თვითმფრინავი რუსულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო.  თუმცა, მასში ასევე ნათქვამია, რომ საფრენი აპარატის მიერ, იქნება ეს უპილოტო თუ პილოტიანი, წარმოებული სადაზვერვო საქმიანობა წარმოადგენს ”სამხედრო ქმედებას” და ამიტომაც [ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების თაობაზე] მოსკოვის შეთანხმების დარღვევაა.

რუსეთმა დასკვნის ეს ნაწილი თავის სასარგებლოდ გამოიყენა და განაცხადა, რომ პირველ რიგში ინციდენტის ”ძირეული მიზეზის” გამოძიებაა საჭირო. რუსეთმა ასევე განაცხადა, რომ ის მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა გაეროს მისიის დასკვნა – ქართული სარადარო მონაცემები და ვიდეომასალა – დამონტაჟებულია.

”პირველ რიგში, ეს [ძირეული მიზეზი] უნდა იქნას გამოძიებული; საჭიროა დაავადების განკურნება და არა მისი სიმპტომების,” – განაცხადა ლავროვმა.

საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ 29 მაისს განაცხადა, რომ თბილისს არ მიაჩნია კონფლიქტის ზონის თავზე უპილოტო, შეუიარაღებელი თვითმფრინავების გადაფრენა მოსკოვის შეთანხმების დარღვევად, რადგანაც საქართველოს სუვერენული უფლებაა მონიტორინგი განახორციელოს საკუთარ ტერიტორიაზე და აფხაზური და რუსული ძალების ”უკანონო გადაადგილებაზე”.

 

Exit mobile version