საპარლამენტო არჩევნები სამაგალითოდ ჩატარდა – სააკაშვილი

21 მაისის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ”სამაგალითოდ, მშვიდობიანად, დისციპლინირებულად, თავისუფლად” და ამით საქართველომ ”ურთულესი გამოცდა” ჩააბარა დემოკრატიაში, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 მაისს.

მას ეს განცხადება ლაგოდეხში გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა, რომელიც ქართული ტელევიზიებით პირდაპირ ეთერში გადაიცა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ საარჩევნო გამოცდა ხუთიანზე ჩააბარა.

”მე მინდა მოგილოცოთ თქვენ და მთელ საქართველოს 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების სამაგალითოდ ჩატარება,”- განუცხადა მან მინისტრებს, ”ამ არჩევნებს გაზვიადების გარეშე უყურებდა თუ მთელი მსოფლიო არა, ნახევარი მსოფლიო მაინც. ამ არჩევნებზე მითითება იყო ბუქარესტის ნატოს გადაწყვეტილებებში. ამ არჩევნებზე იყო ასობით უცხოელი დამკვირვებელი და ყველამ ერთხმად აღნიშნა და  ეს შემდეგ გადავიდა საგარეო  მინისტრების დონეზე, პრეზიდენტების დონეზე, რომ არჩევნები ჩატარდა სამაგალითოდ, მშვიდობიანად, დისციპლინირებულად, თავისუფლად, ერთი სიტყვით, ჩატარდა კარგად. ე.ი. საქართველომ ჩააბარა ურთულესი გამოცდა დემოკრატიაში

მან ასევე განაცხადა, რომ არჩევნებით გამოიხატა საქართველოს ამომრჩევლის ”ფენომენალური მხარდაჭერა” არსებული სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის მიმართ.

”მე მინდა გითხრათ, რომ მაინცდამაინც ნუ გავაზვიადებთ რის გამო მოხდა ეს,”- განაგრძო მან, ”ეს კარგი საქმეები დავიწყებულია უკვე, ბევრი კარგი რამ გაკეთდა, მაგრამ ბევრად მეტად ეს მხარდაჭერა ეფუძნება იმას, რაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა, რასაც ჩვენ დავპირდით ჩვენ ხალხს და რაც გვაქვს კიდევ გასაკეთებელი და ვიმეორებ, რაც გვაქვს გასაკეთებელი ეს არის ბევრად უფრო მეტი”.

პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს ამცნო, რომ ივნისში აპირებს მათ ხელახლა წარდგენას პარლამენტში დასამტკიცებლად, ადრე მიცემული პირობის შესაბამისად.

”თქვენ იცით კარგად, რომ მე დავპირდი პარლამენტს, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია არ მავალდებულებს, რომ ხელახლა წარვუდგენ მთავრობას დასამტკიცებლად და მე მინდა ვიცოდეთ, რომ მთავრობას, რომელსაც წარვუდგენ პარლამენტს – თქვენ მთავრობას ხელახლა დასამტკიცებლად, მთავრობა უნდა მივიდეს სერიოზული პროგრამით, 50-თვიანი სერიოზული პროგრამით… ეს უნდა იყოს ზუსტი კალენდარი ჩვენი დაპირებების შესრულების პირველი თვიდან დაწყებული და დამთავრებული 50-ე თვით. დაწყებული ივნისიდან, როცა ჩვენ წარგადგენთ პარლამენტში”. 

მისი თქმით, ხალხის მანდატი გულისხმობს მუშაობის ”სოლიდურად” გაგრძელებას.

”ჩათვალეთ, რომ საარჩევნო პერიოდი მთავრობამ გადაიარა, გამოცდა ჩააბარა აბსოლუტურ ხუთიანზე – საარჩევნო გამოცდა,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”ამოცანა არის ახლა, რომ ნორმალურ საქმიან რეჟიმში შევასრულოთ ყველა ის დაპირება, რომელიც ჩვენ მივეცით ჩვენს ხალხს… მე მესმის, რომ დაღლილები ხართ ამ კამპანიის შედეგად, მაგრამ ახლა დაღლის დრო არ არის, ახლა არის ხელდაკაპიწებული მუშაობის და ბევრად მეტი კონკრეტული შედეგების დადების დრო და ასეთი დრო საქართველოში იქნება მანამ, სანამ საქართველო არ გაიმართება წელში და დადგება ფეხზე”.

Exit mobile version