ოპოზიციამ საპროტესტო აქციაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვა

ოპოზიციის რამდენიმე ათასი მხარდამჭერი 26 მაისს დილიდან სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქციის მოსაწყობად შეიკრიბა, სადა ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არალეგიტიმურად ცნობენ 21 მაისის არჩევნებს და ახალ პარლამენტს და მოითხოვენ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

ამის შესახებ საუბარია მემორანდუმში, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიცია და ლეიბორისტული პარტია აწერენ ხელს, თუმცა იგი ასევე ღიაა სხვა ოპოზიციური ძალებისათვის, მათ შორის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისათვის, რომელმაც 8%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა.

”ოპოზიციური პარტიები არ ვცნობთ ლეგიტიმურად არჩევნებს, მის შედეგად ჩამოყალიბებულ პარლამენტს და უარს ვაცხადებთ ამ პარლამენტში შესვლაზე,”- ნათქვამია მემორანდუმში, ”ამასთან მოვითხოვთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, რომელიც უნდა ჩატარდეს შეთანხმებული საარჩევნო კანონის შესაბამისად”.

მემორანდუმში ასევე ნათქვამია, რომ ”საქართველოს მოსახლეობას არ მიეცა საშუალება გაკეთებინა თავისუფალი არჩევანი”,  და ამის წინაპირობა იყო წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან ამომრჩეველზე ”ზეწოლა და მასობრივი მოსყიდვა”,  სახელმწიფოს მთელ ადმინისტრაციული რესურსის ”დაუფარავად გამოყენება”, მედიის მონოპოლიზაცია ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ, არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევები.

”საარჩევნო ადმინისტრაციის ამოცანა იყო არა სამართლიანი არჩევნების ჩატარება არამედ ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების უზრუნველყოფა,”- ნათქვამის მემორანდუმში.

”ამ გაყალბებას ქართველი ხალხი არ აპატიებს არავის,”- განაცხადა მიტინგზე გამოსვლისას ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, ”ამ დეკლარაციით ვიღებთ იმის ვალდებულებას, რომ ჩვენ ამ რეჟიმს დავასრულებთ”.

აქციაზე, სავარაუდოდ, არ მისულა ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძემ, რომელმაც 24 მაისს განაცხადა, რომ აპირებდა სპორტის სასახლესთან მისვლას. 

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ დეპუტატობის ოპოზიციონერ კანდიდატებზე ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლა, რათა ”შექმნან მრავალპარტიული პარლამენტის” ილუზია. მან ასევე დასძინა, რომ შეიძლება ამ წნეხს ბევრმა ვერ გაუძლოს. გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ პაატა დავითაია, რომელიც ცხრა ოპოზიციური პარტიიდან ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტის ჩვენი ქვეყანას ლიდერია, ასევე არ აპირებს პარლამენტში შესვლას. დავითაიამ 25 მაისს განაცხადა, რომ თუ 26 მაისის საპროტესტო აქცია კონსტიტუციურ ფარგლებს გასცდებოდა, იგი ბლოკის დატოვების და ”დამოუკიდებლად” მოქმედების შესახებ მიიღებდა გადაწყვეტილებას. 

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა, რომელთა შორის დღეს მიტინგზე დავითაია სიტყვით არ გამოსულა,  ხელი მოაწერეს დემონსტრაციულად სიმბოლურ აქტს საარჩევნო სიის გაუქმების შესახებ.

Exit mobile version