ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკი უარს აცხადებს ახალ პარლამენტში მანდატების აღებაზე და მოსახლეობას 26 მაისს სპორტის სასახლესთან აქციაზე მოუწოდებს.
”გაერთიანებულმა ოპოზიციამ გადაწყვიტა მაგალითი მისცეს მთელ საქართველოს ბრძოლისა, მაგალითი შეუპოვრობისა. გაერთიანებული ოპოზიცია უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე,”- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციია ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ, ”გაერთიანებული ოპოზიცია რჩება თავის ხალხთან ერთად და მთელ საქართველოს მოუწოდებს 26 მაისს, დილით 10 საათზე, სპორტის სასახლესთან 21-ე საუკუნის დისიდენტურ მოძრაობაში გასაერთიანებლად”.
პარლამენტის მაჟორიტარულ მანდატებზე უარი თქვეს ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ და ამავე პარტიის წევრმა დავით საგანელიძემ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ 21 მაისის არჩევნებში სულ ეს ორი მაჟორიტარული მანდატი მოიპოვა ვაკეში და დიდუბეში, შესაბამისად.
”მე მინდა მივმართო მთელ საქართველოს, ჩემს ამომრჩეველს, იმ 25 ათასს ადამიანს, რომელიც მოვიდა, ხმა მომცა მე ვაკეში, მომცა ნდობა, მაგრამ მინდა სწორად გამიგოთ, მე არა მაქვს უფლება შევიდე იმ პარლამენტში, რომელიც არის უკანონობის, ტერორის, დანაშაულებრივი ხელისუფლების პროდუქტი,”- განაცხადა გამყრელიძემ, ”მე ვერ გავხდები იმ პარლამენტის წევრი, რომელიც არის არალეგიტიმური, უკანონო და საბჭოური არჩევნების შედეგი”.
”მე მინდა მოვუწოდო ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც თავს ასეთად მიიჩნევს, უარი თქვას სააკაშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე, უარი თქვას იმ თამაშში ჩართვაზე, რასაც მას სთავაზობს ხელისუფლება,”- განაცხადა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც ასევე გადალახა 5%-იანი ბარიერი და წინასწარი მონაცემებით ხმათა 7% მიიღო, განაცხადა, რომ უერთდება გაერთიანებული ოპოზიციის ბოიკოტს.
”პოლიტიკურად ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმ პარლამენტის დაშლას, რომელიც ახლა სააკაშვილს ჯიბეში ჰყავს,”- განაცხადა ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში შალვა ნათელაშვილმა.
ჯერ-ჯერობით უცნობია ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის გადაწყვეტილება. თუმცა გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებამდე გიორგი თარგამაძემ, რომლის პარტიასაც სავარაუდოდ, 6 მანდატი ექნება პარლამენტში, სკეპტიკური პოზიცია დააფიქსირა ბოიკოტთან დაკავშირებით. ქრისტიან-დემოკრატების მიერ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევაში, პარლამენტი ერთპარტიული იქნება, სადაც ნაციონალური მოძრაობა 2/3-ით იქნება წარმოდგენილი.
კობა დავითაშვილმა ყველა პარტიას 26 მაისის საპროტესტო აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდა და ”შემდეგ მოვიდეთ გავესაუბროთ ჩვენს ჯარისკაცებს. ჯარი ჩვენიცა, ის არ არის სააკაშვილის და ჯარისკაცები ჩვენი ძმები არიან”. მას, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა მსვლელობის მოწყობა რუსთაველის გამზირისაკენ, სადაც 26 მაისს ხელისუფლება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს მართავს.
”მოვუწოდებ ყველას გავერთიანდეთ და ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს დასაცავად,”- აღნიშნა მან.
”დღეის აქეთ საქართველო იყოფა ორ ნაწილად: საქართველოდ და ანტი საქართველოდ,”- განაცხადა პარლამენტის შენობის წინ პრესკონფერენციაზე გუბაზ სანიკიძემ ეროვნული ფორუმიდან, ”ჩვენ ვრჩებით საქართველოდ, ხოლო ამ შენობაში შებრძანდება ანტი-საქართველო, რომელსაც ძალიან მალე გამოვაბრძანებთ აქედან”.
კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, ოპოზიცია მოითხოვს პარლამენტის არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას.
”არ იყო დაცული არცერთი პირობა, რომელიც თავისუფალ არჩევნებს უნდა უძღოდეს წინ. ეს არ იყო არჩევნები, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ ამ არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობას და ჩვენ შევალთ იმ პარლამენტში, რომელიც ჩატარდება თავისუფალი არჩევნების პირობებით და ჩვენ შევალთ იმ პარლამენტში, რომელიც ქართველი ხალხის მიერ იქნება არჩეული და არა სააკაშვილის მიერ დანიშნული. ჩვენ ვიბრძოლებთ ამ ამოცანის ბოლომდე მისაყვანად,”- განაცხადა მან.
”მიუხედავად უპრეცედენტო ზეწოლებისა, 300 ათასმა ადამიანმა მისცა გაერთიანებულ ოპოზიციას ხმა, ეს რაც დააფიქსირეს,”- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატიული პარტიიდან, ”ქვეყანას ჰყავს 300 ათასი გმირი. მე მინდა 300 ათას ადამიანს მივმართო: ჩვენ უნდა გადავარჩინოთ საქართველო ამ ტირანიისაგან, რომლის წინაშეც ყველანი ვიმყოფებით”.
23 მაისს დილით მმართველმა პარტიამ მოუწოდა ოპოზიციას შეწყვიტოს პარლამენტის შესაძლო ბოიკოტზე ფიქრი. ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ბოიკოტი უპასუხმგებლო საქციელი იქნებოდა იმ ამომრჩევლების მიმართ, რომელთაც ხმა მისცეს ოპოზიციას.
მან ასევე განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზად არის მოლაპარაკებები გამართოს ოპოზიციასთან საპარლამენტო პოსტების გადანაწილების თაობაზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მმართველმა პარტიამ პარლამენტში 120 მანდატი მიიღო, რაც კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვების ტოლფასია.