ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, რომელმაც 5%-იანი ბარიერი ხმათა 8%-ით გადალახა, აცხადებს, რომ ამ დღეებში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ახალი პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით.
ამჟამად ძირითად ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები, მათი თქმით, ”გაყალბებული” არჩევნების შემდგომ სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ნაციონალური მოძრაობის მიერ 2/3-ით დაკომპლექტებული პარლამენტის ბოიკოტისკენ და 26 მაისს მაშინ, როცა ხელისუფლება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს გამართავს, ფართომასშტაბიანი აქციისკენ მოუწოდა.
”საუბარი მიდის იმაზე, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება გაერთიანებული ოპოზიციის, ლეიბორისტების, ქრისტიან-დემოკრატების მიერ, მთლიანობაში სასურველია ორიენტირებული იყოს შედეგზე და არა ფუჭ მოლოდინებზე,”- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მან თავი შეიკავა იმ წინადადებების დაკონკრეტებისაგან, რაც ოპოზიციურ კონსულტაციებში იხილება, რადგან ”ეს ისეთი მუშა წინადადებებია, რომელიც ჯერ განხილვას საჭიროებს, როგორც თავად პარტიების შიგნით, ისევე მრგვალი მაგიდის გარშემო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად”.
იგი ერთადერთი ოპოზიციონერი ლიდერია, ვინც მიანიშნა, რომ ახალი პარლამენტის ლეგიტიმიზაციის არ დასაშვებად ბოიკოტის იდეა ”უპერსპექტივოა”. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 22 მაისს განაცხადა, რომ ის ბოიკოტის მომხრეა, თუ ეს ოპოზიციური პარტიების ერთიანი გადაწყვეტილება იქნება.
”ამას ეფექტი ექნება იმ შემთხვევაში, თუ განახორციელებს მთლიანად ოპოზიცია, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საპარლამენტო ოპოზიციას ანუ ჩვენ, ლეიბორისტები, ქრისტიან დემოკრატები,”- განაცხადა ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გაერთიანებული ოპოზიციიდან, ”თუ ვინმე ძალიან ღიად გაყიდის საკუთარ თავს და ღიად დაიწყებს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, მას გაუჭირდება შემდგომში ოპოზიციურ ფლანგზე მოქმედება”.
კონსერვატორი კახა კუკავას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია ”სააკაშვილის მილიმეჯლისში” შესვლას ”რა თქმა უნდა” არ აპირებს, რადგან ”მიგვაჩნია, რომ ეს არის ლეგიტიმაცია იმ ყველაფრისა, იმ უსინდისობისა, იმ გაყალბებისა, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო ამ ერთი თვის მანძილზე”.
თუმცა შედარებით განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს გაერთიანებული ოპოზიციის უპარტიო წარმომადგენელი გიორგი ცაგარეიშვილი და აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება ბოიკოტზე ერთსულოვანი უნდა იყოს, რათა მას ეფექტი ჰქონდეს.
”თუკი ჩვენ რამის ბოიკოტირებას ვაპირებთ, მაშინ ყველამ უნდა გამოაცხადოს ბოიკოტი, ისე არ მოხდეს, რომ რამდენიმე პარტია შევიდეს რამდენიმე ვერ შევიდეს,”- განაცხადა ცაგარეიშვილმა, ”მე ვერანაირად ვერ შეუწყობ სააკაშვილს ხელს იმაში, რომ მარგინალიზაცია მოახდინოს პარლამენტის გარეთ დარჩენილი ოპოზიციური ჯგუფებისა და მე ვფიქრობ, რომ ამას ყველანაირად შეეცდება ხელისუფლება”.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ცხრა პარტიასა და რამოდენიმე უპარტიო სუბიექტს წარმოადგენენ, შიდა კონსულტაციების შემდეგ, სავარაუდოდ, დღეს საღამოს გამოაცხადებენ თავიანთ გადაწყვეტილებას შევლენ ისინი პარლამენტში თუ ბოიკოტის გზას აირჩვენ.