მმართველი პარტია, სავარაუდოდ, 120 მანდატს აიღებს – ცესკო

არჩევნების შედეგების თანახმად, მმართველი პარტია 150-წევრიან პარლამენტში, სავარაუდოდ, 120 მანდატს აიღებს, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენელმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა.

მისი თქმით, პროპორციული სისტემით მიღებული შედეგები აღარ შეიცვლება; თუმცა მან არ გამორიცხა შედეგების შეცვლა მაჟორიტარულ არჩევნებში იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე საარჩევნო ოლქის შედეგები გაუქმდება.

არსებული შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ 75 მაჟორიტარული მანდატიდან 71 მოიგო.

პროპორციულ არჩევნებში მმართველმა პარტიამ ხმების 59% მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ ნაციონალურ მოძრაობას სულ ცოტა 49 ადგილი ექნება ახალი მოწვევის  პარლამენტში. 

ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკი, სავარაუდოდ, 14 ადგილს მოიპოვებს პროპორციული სისტემით და ორს – მაჟორიტარული წესით.

ქრისტიანულ-დემოკრატიულ პარტიას და ლეიბორისტულ პარტიას ექვს-ექვსი მანდატი ექნებათ.

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი, მისმა ორმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოიგო არჩევნები ცაგერის და ყაზბეგის ერთმანდატიან ოლქებში.

 

Exit mobile version