აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტომ კეისიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონს მიაჩნია, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები უკეთესი იყო იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით.
”ჩვენ მოვისმინეთ დამკვირვებლების რამდენიმე კომენტარი, მათ შორის ეუთოდან, რომელიც მიანიშნებს, რომ არჩევნები, თუმცა გარკვეული პროცედურული საკითხებიც იყო, პოზიტიურად ჩატარდა,” – განაცხადა მან 22 მაისს გამართულ ბრიფინგზე, ”ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით შედეგებს და ვისურვებდით მუშაობას ახალ მთავრობასთან, მისი ფორმირების შემდეგ”.
მთავარმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ 22 მაისს განაცხადა, რომ ”მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შეეცადა არჩევნები სტანდარტების შესაბამისად ჩაეტარებინა, მთელი რიგი პრობლემები დაფიქსირდა, რამაც მისი განხორციელება არათანაბარი და არასრული გახადა”.