ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ მიანიშნა, რომ მისი პარტია სკეპტიკურადაა განწყობილი ახალი პარლამენტის ბოიკოტირების თემის მიმართ.
თარგამაძის პარტიამ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 8.5% მიიღო და სავარაუდოდ შვიდ დეპუტატს შეიყვანს ახალ პარლამენტში.
ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამრელიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ვარიანტი ”სისხლიან, აგრესიულ, კრიმინალურ და ყველაზე გაყალბებულ არჩევნებთან” დასაპირისპირებლად არის პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, რომლის პარტიამაც ხმების 7% მიიღო, განაცხადა, რომ ის მზად არის მანდატებზე უარი თქვას, თუ ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკი და ქრისტიანურ-დემოკრატიული პარტიაც ბოიკოტს გამოუცხადებენ ახალ პარლამენტს.
22 მაისს გადაცემა Primetime-ში საუბრისას გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ბოიკოტის იდეა უპერსპექტივოა საქართველოში.
მართალია მან პირდაპირ არ თქვა, რომ მისი პარტია ბოიკოტის წინააღმდეგი იყო, თუმცა აღნიშნა, რომ მის პარტიას პასუხისმგებლობა აკისრია იმ ათასობით ამომრჩევლის წინაშე, რომელთაც ხმა მისცეს ქრისტიანულ-დემოკრატიულ პარტიას.
”ჩვენ ეს [საპარლამენტო მანდატები] 200 000 ამომრჩეველმა მოგვანიჭა, რომელთაც ხმები მოგვცეს და დაგვავალეს კონკრეტული ნაბიჯების განხორციელება,” – განაცხადა თარგამაძემ.
ამასობაში, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, რომლის პარტიამაც ვერ შეძლო 5%-იანი ბარიერის გადალახვა, განაცხადა, რომ მისი პარტია ბოიკოტს გამოუცხადებს ახალ პარლამენტს, რადგანაც არჩევნების შედეგები ”ტოტალურად გააყალბეს”.
მან ასევე განაცხადა, რომ მის პარტიას კონსტიტუციის ფარგლებში მოქცეული კონკრეტული სამოქმედო გეგმა აქვს, რომლის განხილვასაც ის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან აპირებს.
უსუფაშვილმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ მისი განხორციელების შემთხვევაში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება არაუგვიანეს მომავალი გაზაფხულისა.