მმართველი პარტიის ორი მაჟორიტარი კანდიდატი აღიარებს დამარცხებას

ორმა ოპოზიციონერმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თბილისის ორ ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებას მიაღწია.

ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე ვაკის ერთმანდატიან ოლქში ლიდერობს, ხოლო ამავე პარტიის წევრი დავით საგანელიძე – დიდუბის ერთმანდატიან ოლქში.

მმართველი პარტიის კანდიდატებმა ამავე ოლქებში – გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ზაზა გამცემლიძემ (ვაკე) და ბიზნესმენმა ვლადიმერ კვარაცხელიამ (დიდუბე) აღიარეს დამარცხება.

ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, პარტიამ ორ ოლქში გაიმარჯვა – ცაგერში (მმართველ პარტიას იქ კანდიდატი არ ჰყავდა) და ყაზბეგში.

თუმცა, როგორც ჩანს მმართველი პარტიის კანდიდატები ერთმანდატიანი ოლქების უმეტესობაში იგებენ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის ვებგვერდზე მაჟორიტარულ არჩევნების შესახებ მხოლოდ რამდენიმე უბნის მონაცემები გამოაქვეყნა. თბილისის რამდენიმე ერთმანდატიან ოლქში, ამ შედეგების თანახმად, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მცირე უპირატესობით იგებენ.

თუმცა, სამგორში მმართველი პარტიის კანდიდატმა რუსუდან კერვალიშვილმა მნიშვნელოვნად გაუსწრო ოპოზიციური კოალიციის ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს.

ამასობაში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს 58.77%-ით. შემდეგ მოდის ოპოზიციური ბლოკი 18.18%-ით; ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია – 8.45%; ლეიბორისტული პარტია – 7.44%.

 

Exit mobile version