ნაციონალური მოძრაობა 59.21%-ით ლიდერობს – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) 20 საათის მონაცემებით ნაციონალური მოძრაობა პროპორციულ არჩევნებში 59.21%-ით ლიდერობს, ხოლო გაერთიანებულ ოპოზიციას 16,48% აქვს.

ეს მონაცემები 2 462 უბნის შედეგებს ეყრდნობა, რაც საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემული ხმების ნახევარზე მეტია. სულ 3 558 უბანია შესაჯამებელი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მესამე ადგილზეა ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია ხმათა 8.29%-ით, ხოლო მეოთხეზე ლეიბორისტული პარტია 6.83%-ით.

5%-იან ბარიერს მიღმა რჩება რესპუბლიკური პარტია, რომელსაც ხმათა 3.7% აქვს. დანარჩენმა შვიდმა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა 1%-ზე ნაკლები ხმები დააგროვეს.

ცესკო წინასწარ ოფიციალურ შედეგებს, სავარაუდოდ, ხვალ დილით გამოაცხადებს. კანონის თანახმად,  შეჯამების პროცესი არჩევნებიდან 18 დღეში უნდა დასრულდეს.

Exit mobile version