რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია ცხრა პარტიის ოპოზიციურ ბლოკთან კონსულტაციებს მართავს, რათა ”იპოვონ გამოსავალი იმ კრიზისიდან”, რომელიც გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაღრმავდა.
რესპუბლიკურმა პარტიამ აღიარა დამარცხება არჩევნებში, თუმცა განაცხადა, რომ ეს არ მოხდებოდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში. მან ასევე აღიარა, რომ პარტიამ ვერ შეძლო სწორად გადაეცა თავისი გზავნილი ამომრჩევლისთვის.
22 მაისს პრესკონფერენციაზე საუბრისას დავით უსუფაშვილმა სხვა ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა, ”რათა გამოვნახოთ გზები უზურპატორ ხელისუფლებასთან საბრძოლველად”.
”ეს არ იქნება მარტივი გზა, ეს იქნება ძალიან რთული გზა, მაგრამ ჩვენ ეს გზა უნდა გავიაროთ ისე, რომ ძალადობას ძალადობითვე არ ვუპასუხოთ,” – განაცხადა მან, ”ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან – დღესაც გვექნება შეხვედრა – და მოვძებნით იმ გზას და საშუალებას, რომლითაც ქვეყანა თავს დააღწევს ამ კრიზისს”.