ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) დაახლოებით ოთხ საათზე მეტია თავის ვებ-გვერდზე არ განუახლებია წინასწარი მონაცემები არჩევნების შესახებ, რომელიც ბოლო განახლებით, 1 697 უბნის შედეგებს ეყრდნობა.
3 558 უბნიდან ნახევარზე ნაკლების დათვლის შედეგად ნაციონალური მოძრაობა ხმათა 61.11%-ით დამაჯერებლად ლიდერობს; მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიცია 15.28%-ით; 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახა ასევე ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიამ 8. 02%-ით და ლეიბორისტულმა პარტიამ 6.81%-ით.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს 16 საათისთვის იგეგმებოდა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის სამართლიანი არჩევნების მიერ ხმათა პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება, ის გადაიდო იმ მოტივით, რომ მონაცემების დამუშავება არ დასრულებულა. სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა ეკა სირაძემ განაცხადა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ემთხვევა ცესკოს წინასწარი მონაცემებში ასახულ პარტიათა თანამიმდევრობას, თუმცა პროცენტების დასახელებისაგან მან თავი შეიკავა. მისი თქმით, პარალელური დათვლის შედეგები 23 მაისს გამოქვეყნდება.
იმადროულად, დღეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც მოუწოდა სააკაშვილის ხელისუფლებას გააბათილოს ”ურცხვად გაყალბებული” არჩევნების შედეგები ”საკუთარი ხელით, სანამ ამ არჩევნების შედეგებს გააბათილებდეს თვითონ ხალხი”.