მმართველი პარტია დამაჯერებლად ლიდერობს – ცესკო

ხმათა 35%-მე მეტის დათვლის შედეგები აჩვენებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ახლოსაა საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებასთან  მე-6 მოწვევის 150-წევრიან პარლამენტში.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) თავის ვებ-გვერდზე უბნების მიხედვით არჩევნების შედეგების გამოქვეყნება შუაღამის შემდეგ დაიწყო.

22 მაისს დღის 11 საათისათვის სულ გახსნილი 3 558  უბნიდან  979-ის მონაცემი გამოქვეყნდა და ეს შედეგები სისტემატიურად განახლებადია.

წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტია ლიდერობს ხმათა 63%; მეორე ადგილზეა ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკი -13.2%-ით; შემდეგ მოდის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია – 8.4%; ლეიბორისტული პარტია – 6.1%; რესპუბლიკური პარტია – 3.4%. დანარჩენი შვიდი პარტიაა და ბლოკი 1%-ს ან ნაკლებს აგროვებს თითოეული.

პროპორციული სისტემით გათვალისწინებული 75 მანდატის გადანაწილება მხოლოდ 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის შემთხვევაშია შესაძლებელი.

დანარჩენ 75 მანდატს მაჟორიტარი დეპუტატები მიოპოვებენ, საიდანაც ათი ადგილი თბილისის ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებულებს ერგებათ.

მოსალოდნელია, რომ მმართველი პარტია მაჟორიტარი მანდატების უმრავლესობასაც აიღებს. კანონის თანახმად, ოლქის ამომრჩევლის 30%-მა მაინც უნდა დაუჭიროს კანდიდატს მხარი, რომ მან პირველივე ტურში მოიგოს მაჟორიტარული არჩევნები.

ამომრჩეველთა აქტივობა, ცესკოს თანახმად, 55%-ს შეადგენდა, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებზე 1 905 960 ადამიანი მივიდა სულ რეგისტრირებული 3 465 736-დან.

ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნები ხელისუფლების მხრიდან ”უპრეცედენტო ტერორის, ძალადობის და ზეწოლის” პირობებში ჩატარდა.

 

Exit mobile version