პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი მმართველი პარტია ახლოსაა ახალ პარლამენტში მანდატების ორი-მესამედის აღებასთან, იგი კვლავ დარჩება თავისი წინა დაპირების ერთგული და მჭიდროდ ითანამშრომლებს ოპოზიციასთან.
”განცვიფრებული ვიყავი იმ მხარდაჭერით, რაც ჩვენ მივიღეთ,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”საბოლოო ციფრები ჯერ არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, არის დიდი ალბათობა იმისა, მას შემდეგ რაც ეს ციფრები გამოქვეყნდება, თუმცა ვიმეორებ, რომ საბოლოო შედეგები ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ არის ალბათობა იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობასთან მიახლოებული რაოდენობის ადგილები,” – განაცხადა სააკაშვილმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში 22 მაისს.
ხმების 18%-ის დათვლის შედეგად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს დილით განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 62.8% მიიღო; მას მოყვება ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკი 13.6%-ით; ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია – 8%; ლეიბორისტული პარტია – 6.1%; რესპუბლიკური პარტია – 3.7%; დანარჩენმა შვიდმა პარტიამ და ბლოკებმა 1% ან ნაკლები დააგროვეს თითოეულმა.
”მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ექნება თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობა ნაციონალურ მოძრაობას, ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოს კონსტიტუციაში რაიმე ცვლილებების შეტანას და მითუმეტეს არ შევიტანთ არანაირ ცვლილებებს მთელ პოლიტიკურ სპექტრთან კონსულტაციის და ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”მე მინდა ყველა იყოს მშვიდად, ჩვენ არ შევეხებით ფუძემდებლურ პრინციპებს ჩვენი ქვეყნისა მიუხედავად იმისა რა უმრავლესობა ექნება ჩვენს მოძრაობას. მე მინდა ყველამ იცოდეს, როგორი წარმომადგენლობაც არ უნდა იყოს ამ მრავალპარტიულ პარლამენტში ოპოზიციის, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ამ ოპოზიციურ ჯგუფებს ჰქონდეთ ბევრად უფრო მეტი ბერკეტები მთავრობის კონტროლის, პარლამენტის და მთავრობის საქმიანობაში იყოს ბევრად მეტი გამჭირვალეობა და ყველაზე პატარა, ყველაზე მცირე ინტერესებიც კი ქართული საზოგადოების – და ყველა ეს პოლიტიკური ჯგუფები წარმოადგენენ ქართული საზოგადეობის ფართო სპექტრს – იყოს გათვალისწინებული, მხედველობაში მიღებული და ყველას ჰქონდეს საშუალება იმისა, რომ მონაწილეობა მიიღოს საქართველოს შემდგომ მართვაში და საქართველოს ბედზე გადაწყვეტილების მიღებაში”.
მან ასევე მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს ”პატივი ვცეთ ქართველი ხალხის ნებას” და გააფრთხილა, რომ ”ჩვენ დავიცავთ განუხრელად ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას და ვერავინ მასზე ვერ აღმართავს ხელს და ამის ილუზია მე მგონი არც არავის არ უნდა ჰქონდეს”.
”მე მინდა აღითქვათ, რომ როგორც იყო აქამდე, საქართველოს ეყოლება ის ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესს, საქართველოს ყველა მაცხოვრებლის, ჩვენი ყველა თანამოქალაქის ინტერესს და იბრძოლებს ყველა მოქალაქის და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის,”- განაცხადა დასასრულს პრეზიდენტმა.