ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება იძულებული იყო ძალადობისთვის მიემართა და არჩევნების გაყალბება მთავარი მაჩვენებელია იმისა, რომ ოპოზიციამ არჩევნებში გაიმარჯვა.
”მინდა მივულოცო ქართულ საზოგადოებას გამარჯვება საქართველოს მასშტაბით,” – განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს 21 მაისს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ”ხელისუფლებამ მთლიანად წააგო”.
ცხრა პარტიის ოპოზიციური კოალიციის განცხადებით, ისინი სპორტის სასახლის წინ 21 მაისს 23 საათზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
ამასობაში, ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია არ ცნობს 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, სანამ არ მოხდება ბიულეტენების ხელახალი გადათვლა.
”რადგანაც არჩევნები ხელისუფლებამ მასობრივად გააყალბა, განახორციელა ძალადობა, ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს, სანამ არ მოხდება ყველა ბიულეტენის ხელახალი გადათვლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და ყველა მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელთა დასწრებით,”- განაცხადა ნათელაშვილმა პრესკონფერენციაზე.
ლეიბორისტების ლიდერმა ეს განცხადება საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთი საათით ადრე გააკეთა.