აფხაზეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ”ოთხი ადამიანი” დაშავდა

თბილისმა აფხაზური მხარე იმ ორი ავტობუსის აფეთქებაში დაადანაშაულა, რომელთაც ეთნიკური ქართული მოსახლეობა გადაჰყავდა გალის რაიონიდან ზუგდიდის რაიონში საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად.

”ოთხი ქალბატონი დაჭრილია, მათ შორის ერთი მძიმედაა,” – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ და დასძინა: ”ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ. რომ ეს ავტობუსები აფხაზურმა მხარემ ააფეთქა”.

ინციდენტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე  სოფელ ხურჩაში მოხდა.

ქართული მედიის ცნობით, აფეთქებას ქართულ პოლიციასა და აფხაზურ მილიციას შორის სროლები მოყვა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და დაძაბულობა განიმუხტა.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ გალის რაიონის ქართველ მოსახლეობას არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

”ბუნებრივია, მათ [გალის ადგილობრივი მოსახლეობის] დასაშინებლად იყენებენ სხვადასხვა სახის პროვოკაციას. იგივე ეს სროლებიც სწორედ ამას ემსახურება. თუმცა ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ჩვენ მოსახლეობას, იგივე კონფლიქტისპირა რეგიონში, შეუძლია თამამად მისცეს ხმა,” – განაცხადა ქუთელიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ სოფელ ხურჩის ინციდენტმა კიდევ ერთხელ მიანიშნა გალში ქართველი მოსახლეობის უფლებების დარღვევაზე, რომელთაც ”არ ეძლევათ ხმის მიცემის ფუნდამენტური უფლების გამოყენების საშუალება”.

”რას აკეთებენ სამშვიდობოები კონფლიქტის ზონაში, რათომ არ იცავენ ისინი მანდატს, რატომ არ იცავენ ისინი ქართულ მოსახლეობას გალის რაიონში ფიზიკური გასწორებისაგან და რატომ არ აძლევენ მათ შესაძლებლობას და იმის გარანტიას, რომ მათ განახორციელონ ერთ-ერთი უმთავრესი კონსტიტუციური უფლება არჩევნებში მონაწილეობის?”- განაცხადა ტყეშელაშვილმა.  

აფხაზური მხარე უარყოფს ბრალდებებს ხურჩის ინციდენტში მონაწილეობასთან დაკავშირებით.      

”ჩვენ ამის საჭიროება რა გვაქვს,”- განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მოსკოვში, ”ინტერფაქსის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ”თუ ჩვენ რამის გაკეთება გვენდომებოდა, ვიცით სადაც გავაკეთებდით, თუმცა ჩვენ ამაზე არ მივდივართ”.

 

Exit mobile version