პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა განაცხადა, რომ ის გარკვეულ აქტიურობას გააგრძელებს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.
”გარკვეულ აქტიურობას ალბათ წარვმართავ იმისათვის, რომ ჩემი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გაგრძელდეს, განმტკიცდეს ინსტიტუტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს, თუმცა არ დააკონკრეტა, რა ტიპის ”აქტიურობას” გულისხმობდა.
მან ასევე მოუწოდა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისაკენ, რათა ”ყველა ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა თავისი არჩევანი დააფიქსიროს”.
”ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის პარლამენტი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნებას გამოხატავს,”- განაცხადა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ ახლა უკვე შეუძლია იყოს ”თვითკრიტიკული” და აღიარა, რომ მისი ხელმძღვანელობით პარლამენტი არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც სურდა.
”ეს ბევრი სუბიექტური და ბევრი ობიექტური ფაქტორით იყო განპირობებული,”- აღნიშნა ბურჯანაძემ, ”მე ვუსურვებ ახალ პარლამენტს, რომ ის იყოს ძლიერი, როგორც ინსტიტუტი და მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები ძალიან სერიოზულად გატარდეს, განმტკიცდეს სასამართლო ხელისუფლება და ყველა ის ფასეულობები, რომელიც მნიშვნელოვანია დემოკრატიისათვის”.
ბურჯანაძე აქტიურ პოლიტიკას მას შემდეგ გამოეთიშა, რაც 21 აპრილს განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას და მმართველი პარტიის სიით პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამის მოტივად მან პარტიულ სიაზე ყოფილ თანაგუნდელებთან შეუთანხმებლობა დაასახელა. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მისი ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ ოპოზიციაში აპირებს გადასვლას. მაშინ ბურჯანაძეს არაფერი უთქვამს მისი გრძელვადიანი გეგმების შესახებ.
21 მაისს ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ის ”მომავალში” პასუხს გასცემს ყველა კითხვას, რომელიც მისი ნაბიჯის მიზეზებთან დაკავშირებით გაჩნდა.